შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მარნეულში ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია 1962 წელს დაბადებული ქალი.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა. კერძოდ, ის სხვადასხვა ასაკის გოგონების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა, მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით, მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება