გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლეები სათათბირო ოთახში, საიდუმლოების დაცვის პირობებში იმსჯელებენ, რომელიც მოგვიანებით გახდება საჯაროდ ცნობილი, როცა სტრასბურგის სასამართლო უკვე დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში, სადაც საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა გაიმართება, ქართული მხარე მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციებით არის წარმოდგენილი. თეა წულუკიანის თქმით, 23 მაისის სხდომა გადამწყვეტია.
საქმეში ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდი გორის ცენტრში „ისკანდერის“ ჩამოგდებაა. თეა წულუკიანის თქმით, 2017 წლამდე რუსეთი საქართველოს საყვედურობდა, რომ გორში აგვისტოს ომის დროს, 12 აგვისტოს „ისკანდერის“ ჩამოვარდნა ქართველების გამოგონილი ამბავია, თუმცა ამ „ისკანდერის“ ნაწილებს მიაკვლიეს, რომლებზეც შენარჩუნებულია ყველა კვალი იმისა, რომ იარაღი ნამდვილად რუსეთის მიერ არის ნაწარმოები.
„რუსეთი ამბობდა, რომ ფოტომასალა, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჰოლანდიაშიც, ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმიდან გამომდინარე არსებობს, ფოტოშოპია. ჩვენი ძალიან სიღრმისეული მუშაობის შედეგად 2017 წელს მივაკვლიეთ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერის“ ერთ ნაწილს, ნამსხვრევებს და უკვე რამდენიმე კვირის წინ, აპრილის ბოლოს, მოვიპოვეთ დაახლოებით 800 კგ. იმავე „ისკანდერის“ დანარჩენი ნაწილები. მათზე, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია ყველა კვალი იმისა, რომ ნამდვილად ეს იარაღია, ნამდვილად ნაწარმოებია მოპასუხე სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის მიერ და რეალურად ვერანაირ ფოტოშოპზე საუბარი ამ სამართლებრივ დავაში ვერ იქნებოდა.
ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს ჰოლანდიური გამოძიების, ჩვენივე გამოძიების შედეგები, საექსპერტო დასკვნები და მატერიალური მტკიცებულება, ნივთმტკიცება, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიგნებული და მოპოვებული“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში, „42° პარალელი“ ისაუბრა.
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, არსებობს სხვა მრავალი მტკიცებულებაც რუსეთის წინააღმდეგ.
„გვაქვს ბევრი სხვა მტკიცებულება, რადარების მონაცემები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ქართულ სივრცეში ამ პერიოდში მხოლოდ რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და იქ ქართული შენაერთები საერთოდ არ იყვნენ. ჩვენი საჰაერო სივრცე მთლიანად, ყოველდღიურად და არა რომელიმე ერთ დღეს, იყო მოცული რუსული სამხედრო თვითმფრინავებით. ბრმა უნდა იყო ან არ გინდოდეს, რომ ეს დაინახო. ჩვენ, ასევე, გვაქვს სეისმოლოგების დასკვნები; გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა, რომელიც გაეგზავნა რუსეთის ფედერაციას და მტკიცებულებაც გვაქვს, რომ ჩაბარდა; რომ საქართველომ 10 აგვისტოს, გამთენიისას ცეცხლი შეწყვიტა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დღეისთვის არის ჩანიშნული. სხდომა თბილისის დროით 11:00 საათისთვის დაიწყება. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს. საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.