ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელს და კიდევ ერთხელ საზოგადოებრივ მაუწყებელში კონკრეტულ გადაცემებში დასაქმებულ პირთა ხელფასებს ეხება.
“1. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიიღო წერილი, სადაც ვასილ მაღლაფერიძე ეხმიანება ჩემს განცხადებას მოთხოვნილი ხელფასების შესახებ და ამბობს, რომ მზადაა გადმომცეს ეს ინფორმაცია, თუკი სამეთვალყურეო საბჭოს საერთო სხდომაზე მე წარმოვადგენ დასაბუთებულ არგუმენტებს პერსონალური მონაცემების მოწოდების საჭიროებაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კანონიერი მიზნების მიღწევას და უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ მაღლაფერიძის მოთხოვნა ერთადერთ მიზანს ისახავს დროში გაწელოს პროცესი და ეძებს ჩემს მიერ კანონიერად მოთხოვნილი ინფორმაციის დამალვის მიზეზებს, მზად ვარ კიდევ ერთ დათმობაზე წავიდე და უახლოეს დღეებში მოვახსენო ჩემი მოტივაცია.
ამ არგუმენტებს აუცილებლად გავავრცელებ საჯაროდ და საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, არის თუ არა ჩემი ინტერესი ლეგიტიმური და არგუმენტირებული. ცხადია ამ არგუმენტებს გამოვიყენებ სასამართლოშიც თუკი საქმე აქამდე მივიდა და გავაცნობ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის ინტერესშიც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და სიტყვის თავისუფლება საქართველოში.
2. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, კიდევ ერთხელ ცრუობს, თითქოს მე ვთქვი რომ ვაპირებ ამ ინფორმაციის გასაჯარობას. არაფერი მსგავსი არ ყოფილა და ამის შესახებ უკვე ბევრჯერ გავაკეთე კომენტარი. იხილეთ ქვემოთ.
3. მაღლაფერიძე “ლიბერალთან” ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ რამდენჯერმე გადავწიე სასამართლოში გასაჩვრების თარიღი. პირველადი გეგმის თანახმად ვაპირებდი ერთ კვირაში შემეტანა საჩივარი, მაგრამ მივხვდი რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი იღებს რეგულაციას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით და ითვლის 10 სამუშაო დღეს. ამით მაღლაფერიძე თავისდაუნებურად აცხადებს, რომ ჩემს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არის საჯარო, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.
ასეთი ტიპის ინფორმაციის გაცემის ვადები არ არის რეგულირებული კანონით. მიუხედავად ამისა, მე წავედი დათმობაზე და დაველოდე სრული 10 სამუშაო დღე. და ბოლოს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, კიდევ ერთხელ მივდივარ დათმობაზე და ვიცდი კიდევ რამდენიმე დღე, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არნაირად არ მავალდებულებს. კანონი არც იმას მავალდებულებს ვამტკიცო ჩემი ინტერესის მიზეზები, მაგრამ იმისათვის რომ ნაკლებად დაზარალდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი იმიჯი და არ გამოჩნდეს მაუწყებლის თანამშრომელთა და მენეჯმენტის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი მზად ვარ შევასრულო ყველა მოთხოვნა. ახლა კი თქვენ იფიქრეთ, რა ინფორმაციაა ასეთი ჩემს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებში ისეთი, რომლის გაცემაც ასე ძვირად უჯდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს”- აცხადებს ნინია კაკაბაძე.