ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დაიწყო. სხდომის შემდეგ სასამრთლო სათათბიროდ გავა, რომლის შემდეგ, რამდენიმე თვეში, გადაწყვეტილება გამოცხადდება.
საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით იმყოფება.
საქართველომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, თუმცა საბოლოოდ ის დასაშვებად იქნა ცნობილი 2011 წლის 13 დეკემბერს.
საქართველოს რუსეთს ედავება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ ევროკონვეციის მუხლები დაარღვია.

