თემქაზე ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი განმარტავს ბრალდებას, რომელიც გრიგალაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით(გამოძალვა) და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება) ედება.
მისი თქმით, გამოძლვის ნაწილში საქმე ეხება ლადო გრიგალაშვილის მეგობარ გოგონას, რომლებიც მისი თქმით, ხუმრობდნენ სოციალურ ქსელში და დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. მისთვის ასევე გაუგებარია რატომ არ გამოიყო აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად და რა კავშირშია აღნიშნული ფაქტი ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმესთან.
ნაირა ოტიაშვილი აღნიშნავს, რომ გრიგალაშვილის მეგობარს, არანაირი პრეტენზია არ აქვს ლადოსთან:
“ვინაიდან მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა წარმოდგენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რბილად რომ ვთქვათ, არ აკმაყოფილებს ბრალდების მხარის პოზიციებს, გამოძებნა აბსოლუტურად სხვა პირი, რომელმაც ჩვენება მისცა, არა იმ კუთხით, რა კუთხითაც ეს ბრალდებულს რამეთი დააზიანებდა, არამედ ფაქტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ მე ამ ეპიზოდში მაქვს ხელი მწერილი გაუთქმელობის პირობაზე, თუმცა ვიტყვი რომ ეს ეპიზოდი გარდაცვლილს არ ეხება. არავინ არავის არაფერს არ სძალავდა. ეს ადამიანები იყვნენ ნაცნობები, ერთმანეთში საუბრობდნენ ტელეფონით, ხუმრობდნენ და ეს ხუმრობის ფაქტები გამოიყენა. რაზე ხუმრობენ ვერ გეტყვით მოვა ეს გოგონა პროცესზე და იტყვის ყველაფერს. ბრალდების მხარეს დასჭირდა ამ მტკიცებულების შექმნა და შექმნა კიდეც. ბრალის დამძიმებისთვის სჭირდებოდათ”- განუცხადა ჟურნალისტებს ნაირა ოტიაშვილმა.
დღეს, წინასასამართლო სხდომას ბრალდებული ლადო გრიგალაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც მოსამართლეს განუცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა. ასევე, ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა დააყენა შუამდგომლობა გრიგალაშვილის 2000ლარიანი გირაოთი გათავისუფლების თაობაზეც, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.