ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გზა დავუთმე მე-12 კლასელ გოგონას, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მომავალმა მანქანამ გაიტანა”: თვითმხილველი მომხდარს იხსენებს

თბილისში, კერძო სკოლა “პოლიგლოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქვეითად, ზებრაზე მიმავალ მოზარდს მანქანა დაეჯახა, თვითმხილველი თორნიკე დარჯანია იხსენებს. ის “ფეისბუკზე” წერს, რომ სანამ 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახებოდა, მანამდე მან გზა დაუთმო.

“დღეს დილით ზებრასთან გზა დავუთმე მე-12 კლასელ გოგონას, რომელიც საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადაჭარბებული სიჩქარით მომავალმა მანქანამ გაიტანა. აქ ვერ მოვყვები რა დამემართა…

რამდენიმე დასკვნა:

1. აზრი არ აქვს საერთოდ ამ ზებრების დახაზვას, იმიტომ რომ სიკვდილის ზონებს ვქმნით. ამ ქვეყანაში არის კატეგორია, რომელმაც არ იცის უბრალოდ რას ნიშნავს ზებრა. არათუ ზებრა არ იცის, არ იცის ნიშნის წაკითხვა, რომ სპეციალურ ზონაში მოძრაობს, დააკვირდით ნიშანს, ეს მოხდა საბავშვო ბაღის და სკოლის წინ.

2. სახელმწიფო არაფერს აკეთებს სამოქალაქო განათლების და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის.

3. პირველადი დახმარების აღმოჩენის გონზე არაა არავინ. რამდენიმე აპირებდა ბავშვის იქვე მე-8 საავადმყოფოში ხელში აყვანით გადაყვანას.

4. სასწრაფო გინდ გვყოლია, გინდ არა, როგორც ყოველთვის მოსვლა დააგვიანდა (მიზეზები გასაგებია, საცობში იდგა).

5. ეს ალბათ ჩვენი პანიკიორი, თუ უმწეო ხასიათის ბრალია, ყოველმა გამვლელმა რომ უნდა ჰკითხოს ნაავარიებ გათიშულ ბავშვს, სად ცხოვრობს, რამდენი წლისაა, ცოცხალია თუ არა და ა.შ.

6. ჯერ კიდევ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ბავშვს ამტყუნებდნენ, რომ ზებრაზე “სწრაფად გადაიარა”. პ.ს. ეს გოგონა სასწაულებრივად გადარჩა და გონზეც მოვიდა, ალბათ რამდენიმე ადგილას მოტეხილობა მიიღო და სერიოზული არაფერი სჭირს. ჩვენც კი ცხოვრებას ვაგრძელებთ ათასი საფრთხით სავსე ქალაქში.”- წერს თვითმხილველი თორნიკე დარჯანია “ფეისბუკზე”.

შსს-ში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა და მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.  დაშავებული მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას მოტეხილობები აღენიშნება.

 

იტვირთბა....