ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

გია ვოლსკი – არ მეგულება ადამიანი საქართველოში, რომელიც ინგა გრიგოლიაზე ზეწოლას მოახდენს და წარმატებული იქნება ამ საკითხებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის აზრით, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს საფრთხე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არასწორი ინფორმაცია მიეწოდოს. ვოლსკის კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„მე არ მეგულება ადამიანი საქართველოში, რომელიც ინგა გრიგოლიაზე მოახდენს ზეწოლას და წარმატებული იქნება ამ საკითხებში. თუ რამე შიში არსებობს იმ ვითარების მიმართ, რაც იქმნება, რასაკვირველია, ყველა ადამიანს აქვს უფლება სამართალდამცველებს მიმართოს, თუმცა ამის საფრთხე რეალური არ არსებობს. არსებობს ერთი საფრთხე, რომ არასწორი ინფორმაცია მიეწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ თითქოს საქართველოში დასაშვებია ჟურნალისტის ან ნებისმიერი ჩვენგანის ისეთი ზეწოლის ქვეშ მოხვედრა, რაც განაპირობებს მისი მოსაზრებების შეცვლას, რაც აბსოლუტურად, უსაფუძვლოა. მაგრამ თუ ასეთი მუქარა არსებობს, სწორედ ამ დანაშაულისთვის ღირს ადამიანის დასჯა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიამ დაწერა, რომ 2011 წლიდან ემუქრებიან და აშანტაჟებენ. მან დახმარებისთვის პოლიციას მიმართა და მისი უსაფრთხოების დაცვა ითხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამინის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას განცხადებით, პირი, რომელიც ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას აშანტაჟებდა დაკავებულია. თოლორაიამ ამის შესახებ “ტვ პირველთან” გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირი პოლიციამ განყოფილებაში დაკითხვის დროს დააკავა.

იტვირთბა....