“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ოფისში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან კლუბ BASSIAN-ის დამფუძნებლები ნაჯა ორაშვილი და ტატო გეთიაც. მათი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ პოზიციებზე, რომლებსაც შინაგან საქმეთა მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე გააჟღერებენ.
მათი განცხადებით, უნდა გაიმიჯნოს ნარკოტიკების მოხმარება, რომელიც უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს ეხება, და ნარკოტიკების საზღვარზე შემოტანა, რომელზეც პასუხისმგებლობა შსს-მ უნდა აიღოს.
12-13 მაისის აქციების შემდეგ, თეთრი ხმაურის მოძრაობასა და შსს-ს შორის შეხვედრები იმართება. შეხვედრის ძირითადი საკითხი კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის საფუძვლებს, 12 მაისის ღამის დაკავებებს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებსა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფას შეეხება.
თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ, აქციები იმ ღამესვე გამართეს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.