ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ არის უცხოელი ქალი, რომელიც ე.წ. “ბასიანის საქმის” ერთ-ერთი მოწმეა?!

თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ბრალდებულს: გიორგი მამუკელაშვილს, ლაშა მამულაიშვილს, ვიქტორ ჟამუტაშვილს, თორნიკე ჩუტკერაშვილს, ჯემალ ელიავას, მიხეილ მიქაძეს, ბორის დარახველიძეს და ქეთი მურუსიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არცერთი დანაშაულს არ აღიარებს.
რაც შეეხება 23 წლის ბორის დარახველიძის ბრალდებას – მას სამ ეპიზოდში ედება ბრალი, ამიტომ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
“ბორის დარახველიძის წინააღმდეგ ჩვენება უცხოელმა ქალმა აზიტა ზაკერმა მისცა. მოწმე ამბობს, რომ სამი წელია, საქართველოში ჩამოვიდა, ქირით დიდ დიღომში ცხოვრობს და დედასთან ერთად ტურისტულ კომპანიაში მუშაობს. “ბასიანში” დადის, სადაც, მისი თქმით, ბორის დარახველიძე გაიცნო. ის 22 მარტს, ქავთარაძეზე მდებარე “გუდვილთან” შემთხვევით შეხვდა დარახველიძეს და უთხრა, რომ მეორე დღეს აპირებდა “ბასიანში” მისვლას. ბორისმა უთხრა, რომ “ექსტაზის” 5 აბი 700 ლარად ჰქონდა და თუ სურდა, “ბასიანში” მიუტანდა. ზაკერის თქმით, მას არ სურდა დანაშაულის ჩადენა, ამიტომ ეს პოლიციაში განაცხადა. საქმის მასალების მიხედვით, სამართალდამცავებმა აზიტას გადასცეს დარახველიძისთვის გადასაცემი თანხა. გაკეთდა სამი საკონტროლო შესყიდვა, პირველი – 23 მარტს. ზაკერმა ბორისს დაურეკა და ნარკოტიკი სთხოვა, მერე “ბასიანში” შეხვდა, სადაც დარახველიძემ 5 აბი “ექსტაზი” გადასცა. ეს და კიდევ ორი ფაქტი აღბეჭდილია ფირზე“, – წერს „კვირის პალიტრა“.

შეგახსენებთ, 12 მაისს ღამის კლუბებში “ბასიანსა” და “გალერიში” სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებული 8 პირი დააკავეს. იქ მყოფმა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, რასაც აქციები მოყვა, რომელიც “თეთრმა ხმაურის” ორგანიზებით ჩატარდა.

აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის ბოდიშის შედეგად დაიშალა და დაიწყო მოლაპარაკებები. როგორც “თეთრი ხმაურის” წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი არ არიან კმაყოფილები მოლაპარაკებებით და ახლო მომავალში განმეორებით აქციებს გეგმავენ.

იტვირთბა....