ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირი “ერთობა 2013” იფიცება

22 მაისს მეტროს თანამშრომლების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ორგანიზატორები არიან “აუდიტორია 115”, “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი” და EMС – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

ორგანიზატორთა განცხადებაში ნათქვამია, რომ მეტრო ისევ წინასაგაფიცვო პერიოდშია,  3 ივნისს ეს პერიოდიც იწურება და მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირი “ერთობა 2013” იფიცება.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 1 მაისს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის ერთი თვის ვადით გადადება მოითხოვა შრომის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, რაც მოსამართლემ იმავე დღეს დააკმაყოფილა.

მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა სრულად კანონიერია. ისინი წლების მანძილზე მოლაპარაკებების გზით უშედეგოდ ცდილობდნენ მიეღოთ სამართლიანი ანაზღაურება. დღეს მათ სრული უფლება აქვთ გაფიცვის გზით იბრძოლონ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად. გაფიცვის გადავადების შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ ცდილობს მოლაპარაკებების გაგრძელებას მეტროს თანამშრომლებთან, რაც 3 ივნისს გაფიცვას გარდაუვალს ხდის და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა კომპანიას და მერიას ეკისრება.

მეტროს თანამშრომლების სამუშაო პირობები იგივეა: “სამხედრო” გრაფიკი, მტვერში რკინის მაღალი შემცველობა, უჟანგბადობა, მომატებული ხმაური, ვიბრაცია, ელექტრული ველი და ა.შ.

ეს ადამიანები ყოველდღე ქალაქში ჩვენს გადაადგილებას უზრუნველყოფენ. მეტროს თანამშრომლები ერთსულოვანნი არიან საკუთარ მოთხოვნებში., ჩვენი ვალია 22 – ში გამოვიდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ჩვენს სიცოცხლეს ვანდობთ.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მეტროს, რადგან მათი მოთხოვნა არის სამართლიანი და მნიშვნელოვანი არამხოლოდ მათთვის, არამედ ყველა მშრომელისთვის. მათი ბრძოლის წარმატებით დასრულება, ყველა ჩვენგანისთვის სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების სტანდარტის გაზრდას ნიშნავს!

გამოდით და დაუდექით გვერდით მეტროს თანამშრომლებს, რათა მომავალში უკეთესი სამუშაო პირობები და ხელფასი თქვენთვისაც რეალობა გახდეს!”- ნათქვამია ორგანიზატორთა მიმართვაში.

იტვირთბა....