,,საპროტესტო მუხტი გაგრძელდება” – აცხადებს თეთრი ხმაურის წევრი ბექა წიქარიშილი. მოძრაობაში განმარტავენ, რომ არსებულ არაერთ კითხვაზე მათ პასუხი ხელისუფლებისგან ჯერ კიდევ არ მიუღიათ.
პარალელურად, ისინი ამ დრომდე ელოდებიან დაპირებულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან, სადაც ნარკოპოლიტიკაზე უნდა იყოს საუბარი.
„კლუბები დაკეტილია, კლუბების დარბევის მიზანი კვლავაც გაურკვეველია, კითხვის ნიშანი კვლავაც არსებობს, მანამდე პერიოდის კითხვის ნიშნები, ვგულისხმობ ნივთიერების საკითხს, რომლითაც ადამიანები დაიღუპნენ. მოკლედ შს სამინისტროსთან ჩვენ შეხვედრასაც ველოდებით, მანამდე ჩვენი კითხვები კიდევ უფრო ჩამოყალიბდება. პროტესტი, რა თქმა უნდა, შენარჩუნებადია და შევინარჩუნებთ. გვექნება კიდევ ერთი შეკრება გუნდის წევრებს, დავილაპარაკებთ საბოლოო გეგმის ნაწილზე,“-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
„მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ კლუბის მენეჯმენტი და მფლობელები არ არიან ნარკოგარიგებაში მონაწილეები, რატომ არ გვიღებენ კლუბს, ხომ არ აქვს ამას პოლიტიკური სარჩული,“-აცხადებს კლუბ ”ბასიანის” მფლობელი ზვიად გელბახიანი.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს ღამის კლუბებში ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებული 8 პირი დააკავეს. იქ მყოფმა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, რასაც აქციები მოყვა, რომელიც “თეთრმა ხმაურის” ორგანიზებით ჩატარდა.
აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის ბოდიშის შედეგად დაიშალა და ახლა ორ მხარეს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რაზეც დამოკიდებულია გაგრძელდება თუ არა გამოსვლები.