იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის. ანა დოლიძე სარჩელს 21 მაისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად შეიტანს. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
საქმე ეხება მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის ბრალდებას, რომლის თქმითაც, ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსულ ორგანიზაციასთან, ოკუპანტების ინტერესების სასარგებლოდ მუშაობდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ის შესაძლოა ორგანიზაციას საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
“ანა დოლიძე საამაყოდ მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ აგროვებდა 2008 წლის აგვისტოს ომში ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომეტირებელ მასალებს, იმისათვის რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყოფილიყო საჩივრები ევროპულ სასამართლოში და პირიქით იაფასიანად მიიჩნევს პატრიოტულ გრძნობებს ადამიანში. ჩვენ გვიჩნდება კითხვა და ალბათ საზოგადოებასაც უჩნდება კითხვა, ამგვარი მორალის ადამიანი რატომ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებდეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიც არის მოსამართლეების დანიშვნა”, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.