ზუგდიდის მერიამ უფასო სასადილოს დაფინანსება შეამცირა. სოციალურად დაუცველი ერთი პირის გამოსაკვებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დღეში მხოლოდ 97 თეთრს ხარჯავს, ანუ დადგენილზე ბევრად ნაკლებს. საკვებს უმწეოები არც კვირა დღეს მიიღებენ. აღნიშნულ თემაზე სიუჟეტი “რუსთავი 2”-მა მოამზადა.
ირკვევა, რომ ტენდერში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანიას გაამარჯვებინა.
მონატრებული ხორცი და რძის პროდუქტი უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის დიდი ხანია, მხოლოდ დღესასწაულთან ასოცირდება. უფასო საკვებით ამ დროისთვის ზუგდიდის სასადილოში 248 ბენეფიციარი სარგებლობს.
სასადილოს დირექტორი ადასტურებს, რომ მოხუცებს იმას სთავაზობს, რისი ყიდვაც დღეში 97 თეთრად შეუძლია. ძველ ფასში კი რომელიც 1,38 ლარი იყო, ახლა მომსახურე პერსონალის ხელფასიც შედის, საშემოსავლოც და შენობის ქირაც.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია დარწმუნებულია, რომ ხალხს ხელისუფლების ესმის და დაკლებული ფასის მიუხედავად, მოხუცებისთვის ძველი კალორაჟის შენარჩუნებას მხოლოდ კომპანიის პრობლემად მიიჩნევს.
ოპოზიციის მტკიცებით, უმწეო მოხუცების მენიუს ხარჯზე დაზოგილი ფული, დაახლოებით, 40 ათასი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ანაკლიის გზაზე ხიდის მშენებლობას და იმ გზის გაფართოებას მოახმარა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხე უნდა გაეტარებინათ.