საპარლამენტო მოსმენისას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ინტერნეტის გზით ნარკოტიკის გასაღება არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ძლიერი ქვეყნისთვის. მისი თქმით, ერთადერთი შესაძლებლობა კონკრეტული შემთხვევების სპეციალური ღონისძიებებით გამოვლენაა.
„ინტერნეტის გზით ნარკოტიკის გასაღება არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ძლიერი ქვეყნისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. ერთადერთი შესაძლებლობა არის სპეციალური ღონისძიებებით გამოვლენა კონკრეტული შემთხვევების. ჩვენ რამდენიმეჯერ დავბლოკეთ რამდენიმე საიტი, თუმცა ჰოსტინგის სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებენ ადამიანები ამ საიტებზე მოხვედრას.
გვრჩება, ერთადერთი გზა – ფიზიკური თვალთვალით გამოვავლინოთ მსგავსი შემთხვევები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა უკვე გამოვავლინეთ, ერთი იყო გახსნილი. თუმცა, კარგად გვესმის, რომ მასშტაბების შეფასება დღეს ძალზედ რთულია. ამიტომ, ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასთან თანამშრომლობას. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა შს სამინისტროს აქტივობები იყოს ბევრად უფრო ეფექტური“, – განაცხადა გახარიამ