რუსუდან შარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ არსებობს მოწმე, რომელსაც აქვს მტკიცებულებები, რომ გურამ შარაძის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილისა და დათა ახალაიას შეკვეთით მოხდა. რუსუდან შარაძე ბარლდებას სუს-ის უფროსის მოადგილეს, სოსო გოგაშვილსაც უყენებს და მოწმის დაშანტაჟებაში ადანაშაულებს:
„მამაჩემის სისხლში ცურაობა არ დამვიწყებია და სანამ პირში სული მიდგას, არავის დავავიწყებ. ყველამ დაივიწყა სამართლიანობა და გადავიდნენ საკუთარი თავის კეთილდღეობაზე. აქ მოვედი, რომ ჩემი ხმა გავაგებინო, არათუ მთელ ქვეყანას, პირველ რიგში ამ შენობაში დაბინავებულ ადამიანებს. სუს-ი და სოსო გოგაშვილი ბლოკავს ჩემს პრესკონფერენციებს. არ მაქვს საშუალება, პრესკლუბიდან მოგაწვდინოთ ხმა.
გასულ აპრილში პრესკლუბში მარტო ვიჯექი, ამან სააკაშვილის მკვლელების ბანდები გამახსენა, როგორ უშლიდნენ მამაჩემს ხელს. გოგაშვილმა ეს 2018 წელს გააკეთა. მოვედი აქ რადგან ხმა მივაწვდინო ხელისუფლებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სუს-ი და აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა ყველაფერს აკეთებენ, რომ მე ხელი გავიშვირო ივანიშვილისკენ, თითქოს ის არის წინააღმდეგი მამაჩემის მკვლელობის გამოძიების, მე ამის არ მჯერა.
უმორჩილესად ვთხოვ ბატონ ბიძინას, გამოყოს რამდენიმე წუთი, შემხვდეს პირადად. წარმოვიდგენ მტკიცებულებებს, ვინ მიშლის ხელს და ვინ იშვერს მისკენ ხელს. დავუსახელებ კონკრეტულ ადამიანებს. გამოჩნდა მამაჩემის მკვლელობის „ოქროს მოწმე“, რომელიც მზად იყო, მტკიცებულება მოეტანა, რითიც დამტკიცდებოდა, რომ გურამ შარაძე ბარათელს არ მოუკლავს, რომ მისი მკვლელი არის დათა ახალაიას ბანდა. მოწმეს ეს მტკიცებულება გააჩნდა.
სოსო გოგაშვილმა დააშანტაჟა ეს მოწმე. ზურაბ ჟვანიას და გურამ შარაძის მკვლელობები, არც მეტი, არც ნაკლები, მიხეილ სააკაშვილამდე მიდის“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელი მოიხადა და ციხე 2017 წელს დატოვა.