ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე შიო: “როგორც არასდროს, ისეთი საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე”

მეუფე შიო აცხადებს, რომ როგორც არასდროს, ისეთი საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, რადგანაც ქვეყანაში ოჯახის დანგრევის სტატისტიკა მომატებულია.  მისი განცხადებით, სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა, რაც საგანგაშოა.

“დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ეს არის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვიდგინა, როგორც ეროვნული დღესასწაული და მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისეთი საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო. სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები. ადამიანის უმთავრესი გზა ეს არის ოჯახური ცხოვრება. როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ხშირად ამბობენ, ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ჩვენ ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის შეგვქმნა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს არასოდეს დავთმოთ ოჯახური სიწმინდე, შევინარჩუნოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა”, – განაცხადა მეუფე შიომ.

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორიო დღეც აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც თბილისში, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან “თანასწორობის მოძრაობის” აქცია უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ მათ აქციის გამართვაზე უარი განაცხადეს, რადგანაც ჩათვალეს, რომ მათი უსაფრთხოება შესაძლოა სათანადოდ დაცული არ ყოფილიყო. ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები უნდა შეკრებილიყვნენ, რომ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები შეახსენონ.

მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. დღეს ქაშუაეთის ეკლესიაში საყოველთავო წირვა-ლოცვა და ჯვრისწერა გაიმართება.

იტვირთბა....