პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადება განმარტოს. მისი აზრით, გაუგებარია პრეზიდენტს ამით რისი თქმა სურდა. სესიაშვილი ამბობს, რომ ეს იყო მოულოდნელი განცხადება, რომელიც რეალობას მოკლებულია.
„ალბათ, უნდა ვთხოვოთ, გაიმეოროს და გაგვაგებინოს, ამით რისი თქმა სურდა, რა იდეის რეალიზებას ახდენს. უფრო მეტიც, როცა საქმე საპრეზიდენტო ვადის დასრულებას ეხება და ამ მომენტში ამ საკითხის დაყენება ხდება, გაუგებრია. ხუმრობით ვიტყვი, პარლამენტში მისი სტუმრობის დროს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ შეაქო და მგონი, ამ კუთხით საერთო ინტერესები იპოვეს. რამის თქმა ძალიან გამიჭირდება, მისი განცხადება მოულოდნელი იყო. საპრეზიდენტო ვადის დასრულების დროს, რუსეთთან დიალოგის სურვილის თვალსაზრისით, მისი ორაზროვანი განცხადება გაუგებარია და მოკლებულია არა მხოლოდ რეალობას, ჩვენი ქვეყნის, მთავრობისა და პარლამენტის პოლიტიკურ პრიორიტეტებს, არამედ კონტექსტიდან და შინაარსიდან მთლიანად ამოვარდნილია“, – განაცხადა სესიაშვილმა.