„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს ის „სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში ამყოფებს საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც“.
„პირველი რიგში, მიხარია, რომ პოლიტიკოსები როგორმე მიდიან იმ აზრამდე, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან დიალოგი არის საჭირო და აუცილებელი. როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, სამშობლოს მოღალატედ მაცხადებდნენ და ლამის დასახვრეტად მიმეტებდნენ. დღეს იგივეს ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. თუმცა, როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილს დაავიწყდა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – როდესაც ის იყო ახლად არჩეული პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზად იყო შეხვედროდა საქართველოს ახლად არჩეულ ლიდერს. თუმცა, მაშინ გიორგი მარგველაშვილმა სამარცხვინო პასუხი გასცა, ჯერ დავეკითხებიო ჩემს დასავლელ პარტნიორებს და თუ უფლებას მომცემენ, მერე შევხდები ვლადიმერ პუტინსო. ეს იყო სამარცხვინო საქციელი სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მარგველაშვილის ამ შეთავაზებას არ მიიღებს, რადგან მისთვის უკვე საინტერესო არ არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩა ვადის ამოწურვამდე.
„ახლა ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის მარგველაშვილის მზადყოფნა, როდესაც მისი ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც თვეებია დარჩენილი, რატომ უნდა შეხვდეს მას რუსეთის პრეზიდენტი?! გიორგი მარგველაშვილმა, მინიმუმ 4 წლით დააგვიანა და დღეს ის სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში იყენებს თავსაც და ქვეყანასაც. ამის გარდა, მარგველაშვილი ამბობს, რომ შეხვედრას და დიალოგს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ აქვს აზრი. ესეც არარაციონალური და სულელური განაცხადია, რადგან დიალოგი სწორედ იმისთვის არის საჭირო რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან გავიდეს. ამას არავინ გააკეთებს, ვიდრე დიალოგი არ შედგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას არანაირი რეალური შედეგი არ მოყვება, გიორგი მარგველაშვილს მინიმუმ 4 წლით დააგვიანდა“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ნინო ბურჯანაძის კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, დღეს, სტუდენტებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზად არის. პრეზიდენტობის ბოლო, მეხუთე წელს და ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, გიორგი მარგველაშვილი მსგავსი ინიციატივით პირველად გამოვიდა.
მოულოდნელი განცხადების მთავარ არგუმენტად, პრეზიდენტი საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა.