უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე „მეტრონომთან“ საუბარში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას აფასებს, სადაც მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა. მისი თქმით, გასაკვირია მარგველაშვილმა ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე რატომ დაიწყო ამაზე საუბარი. თუმცა კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ ეს უფრო საპრეზიდენტო კანდიდატის სიტყვას ჰგავდა და ის მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს.
„ჩემთვის მოულოდნელი და გასაკვირი იყო, პრეზიდენტის განცხადება, როდესაც მას პუტინთან შეხვედრაზე 5 წლის განმავლობაში ერთხელაც არ უსაუბრია. თუმცა ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია, როდესაც ის რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების კურს იზიარებს. მაგრამ რატომღაც მეჩვენება, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და ეს მის პირველი კამპანიის დასაწყისი იყო.
ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად ამ 4 თვეში მისი და პუტინის შეხვედრა ვერ მოხდება. იმაში ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთთან დიალოგი სურს, მაგრამ ასევე კარგად იციან, რომ მაგრგველაშვილის და პუტინის შეხვედრა ასე მოკლე დროში წარმოუდგენელია. დღეს რატომ საუბრობს ამაზე ცოტა გასაკვირია, ალბათ ფიქრობს, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნებში კამპანიის დროს გამოადგება“,-განაცხადა კვაჭანტირაძემ „მეტრონომთან“.
შეგახსენებთ, დღეს, სტუდენტებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზად არის. პრეზიდენტობის ბოლო, მეხუთე წელს და ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, გიორგი მარგველაშვილი მსგავსი ინიციატივით პირველად გამოვიდა.
მოულოდნელი განცხადების მთავარ არგუმენტად, პრეზიდენტი საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა.