ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს არის უკიდურესად მდაბალი და უღირსი საქციელი”

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსტაველის პროსპექტზე რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციებს იხსენებს.

“1989 წლის აპრილში, მთელი კვირის მანძილზე მიდიოდა აქციები რუსთაველზე. ნახევარზე მეტი გამომსვლელი რას ლაპარაკობდა და რას იძახდა თვითონაც არ იცოდა წესიერად, ზოგი გაეროს ჯარებს ითხოვდა, ზოგი ნატოს, ზოგი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას და ზოგი საბჭოთა პასპორტების დაწვას, მაგრამ აქციის არსი ხომ ეს არ იყო? აქციის არსი იყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ტოტალიტარულ რეჟიმთან დაპირისპირება.

2003 წელს ვარდების რევოლუციის წინა დღეებში, წვიმაში მდგომი მომიტინგეებიც კარგა ბლომად სისულელეს ისმენდნენ ტრიბუნიდან, სადაც ხან ვინ შეხტებოდა, ხან ვინ, მაგრამ აქციის არსი ეს კი არ იყო, არამედ პროტესტი გაყალბებული არჩევნებისა და კორუმპირებული და ჩამპალი სისტემის წინააღმდეგ.

სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციების დროსაც არაერთი სიგიჟე თქმულა ტრიბუნებიდან და მაშინდელი მომიტინგეთა ნაწილიც არ გამოირჩეოდა დიდად დალაგებული ქცევით, მაგრამ ამ აქციების არსი ეს კი არ იყო, არამედ პროტესტი მოძალადე რეჟიმის მიმართ.

ახლაც, ახალგაზრდების აქციაზეც, არაერთი გამომსვლელის სიტყვასა თუ მომიტინგის ქცევაში შეიძლება ვიპოვოთ არცთუ მთლად ადეკვატური და სასიამოვნო მომენტები, მაგრამ აქციის არსი ეს კი არ არის, არამედ პროტესტი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ხელყოფის გამო ამ რეტროგრადული და რელიქტური ხელისუფლების მხრიდან.

მოკლედ, ნებისმიერი საჯარო აქციის დროს მოძებნი ადამიანს, გინდ გამომსვლელს, გინდ უბრალო დამსწრეს, ვინც მთლად ადეკვატურად ვერ იქცევა და მთლად ჭკვიანურ რაღაცას ვერ ამბობს.

მაგრამ როდესაც ხელისუფლება თავისი დაქირავებული ალისტრახოების მეშვეობით სპეციალურად ეძებს ასეთ სუბიექტებს და ცდილობს მათი ქცევა წარმოაჩინოს აქციის სულისკვეთებად, ეს უკვე სულ სხვა რამეა. ეს არის უკიდურესად მდაბალი და უღირსი საქციელი, რომელზეც შავი პიარიც კი არ ითქმის, ქართულ-ხალხური “პრო..ობა” უფრო შეეფერება.

ეს ასე იყო ყველა წინა ხელისუფლების დროს და ახლაც ასეა. და ვინც ამას იოლად უყურებს და არ მიაჩნია სერიოზულ პრობლემად, იმათზეც დაახლოებით იგივე აზრის ვარ”.

შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა.

იტვირთბა....