კავშირი “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ “თეთრი ხმაურის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეების მიმართ შავ პიარს ელოდა, თუმცა ამ დოზით არა, როგორც ბოლო დღეების განმავლობაში მიდის. მისი თქმით, რაც აქამდე მტრის ხატი არსებობდა, ყველა მათ მიაწერეს და დემონიზაციის პროცესი წარმატებით განახორციელეს. მის სტატუს უცვლელად გთავაზობთ:
“ველოდი, მაგრამ მაინც გავოცდი იმ შავი პიარ კამპანიის მასშტაბით, რაც აქციის ორგანიზატორებისა თუ მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარეობს.
როდესაც ხელისუფლებას უტევ, ითხოვ პრემიერისა და მინისტრის გადადგომას მთელი სახელმწიფო მანქანა იქოქება თავისი ჩრდილოვანი ძალებით შენ წინააღმდეგ და ჩვენ ამას ვუყურებთ მეოთხე დღეა.
რაც აქამდე “მტრის ხატი” არსებოდა, ყველა იარლიყი მოგვაწებეს, შექმნეს რამდენიმი მითი და დააჯერეს ბევრ ადამიანს მათი გემოვნებისა და შეხედულების მიხედვით. ჩვენი დემონიზაციის პროცესი წარმატებით განხორციელდა და დრო დასჭირდება ამ ტალახის ჩამორეცხვას.
მიკვირს, რომ ჩვენ, საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა, ვისაც თავისუფლების და დემოკრატიის იდეა გვაერთიანებს და ფეისბუქისა თუ პიარის ტექნიკებსაც მეტ-ნაკლებად ვფლობთ, ვერ გავუწიეთ სათანადო წინააღმდეგობა.
ეს თვითრეფლექსიაა. უკეთ დაორგანიზება უნდა შეგვეძლოს, “ბექში” მუშაობა. ის, რომ ჩვენ არ ვართ ერთი სხეული და არ ვიღებთ დავალებებს ზემოდან, ჩვენ სისუსტედ არ უნდა ვაქციოთ. უნდა შეგვეძლოს მყისიერი გაერთიანება და საპასუხო კამპანიების წარმოება, ანდა სულაც დადებითი კამპანიების წარმოება. დადებით პიარს ჩვენ ერთმანეთს არ ვუკეთებთ, თუმცა ვერც საპასუხოში გავქაჩეთ. რიგ შემთხვევებში კი მთლად ერთმანეთს დავერიეთ, როცა რაღაც გადაწყვეტილებები არ მოგვეწონა.
მოკლედ, მინდა, რომ ამ გაკვეთილიდან ვისწავლოთ, ვიყოთ მზად. ძალიან მინდა, რომ ეს 4 დღე ვინმემ შეისწავლოს და გაანალიზოს მედიის კუთხით, როგორც სატელევიზიო, ისე ფეისბუქ კამპანიები. ვიცოდეთ, ვინ არიან ის ჯგუფები და როგორ აგორებენ ამხელა ტალღას. მინდა საზოგადოებამ ისწავლოს, ერთხელ რომ “ჭამა” და მოტყუვდა ამ პროპაგანდით, მეორედ როგორ დაიცვას თავი და არ მოტყუვდეს.
თორემ დრო კიდევ აჩვენებს ჩვენ რისთვის ვიბრძვით, ვინ ვართ და რა გულით მოვდივართ.
თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა!”,-წერს პატარაია
შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსე, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.