ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამოქალაქო პროტესტი გრძელდება! დადგეს პრემიერ მინისტრის და შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა”

“სამოქალაქო პროტესტი გრძელდება!” – ამის შესახებ “ჩვენი თავისუფლებისთვის” აქციის ორგანიზატორებმა “ფეისბუქზე” შექმნილი ღონისძიების გვერდზე დაწერეს.

მათი თქმით,  მოქალაქეებს ამ დრომდე პასუხი არ აქვთ, შესაბამისად მათი მოთხოვნები კვლავ ძალაშია და პროტესტი კვლავ გრძელდება:

“მოქალაქეებს ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი, რა იდგა პოლიციის მხრიდან 12 მაისს გამოყენებული მასშტაბური ძალის უკან და რატომ გადაწყვიტა პოლიციამ, შტურმით აეღო ერთდროულად რამდენიმე კლუბი, მაშინ როცა ამ სპეცოპერაციების შედეგად არავინ ყოფილა დაკავებული სისხლის სამართლის წესით. მომდევნო დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მათ დააკავეს 8 პირი ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტებზე და ასევე წარმოადგინა ვიდეო-მტკიცებულებები.

აღნიშნული კიდევ ერთხელ ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან სახალხო დამცველის განცხადებით, რვავე პირი სამართალდამცავებმა სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს, რაც კიდევ უფრო გაუგებარს ხდის, რა იყო ამ მასშტაბებით და ინტენსივობით ძალის გამოყენების დასაბუთება.

ჩვენი შეფასებით, 12 მაისის სპეცოპერაცია გაცდა ნარკოტიკის გასაღებასთან ბრძოლას, ხოლო საპოლიციო უკანონობის მსხვერპლი არის არა კონკრეტული კლუბი, ან მოძრაობა, არამედ მთელი საზოგადოება.

ამ დღეებში პოლიციის ძალა მიმართული იყო კრიტიკული და განსხვავებული აზრის დევნისაკენ და უშუალოდ სამართალდამცავ სისტემაში არსებული სიღრმისეული პრობლემების გადასაფარად. ამ ყველაფერს კი პოლიცია აკეთებს ნარკოტიკის გასაღებასთან ბრძოლის საფარქვეშ.

სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე არ მოგვისმენია ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მომხდარის შეფასება – რამდენად ხედავენ ისინი პოლიციურ ძალადობაში პრობლემას და გრძნობენ თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. ასეთ პირობებში კი აუცილებელია, გაერთიანდეს საზოგადოების ყველა ფენა და ჯგუფი და ერთად გავაპროტესტოთ პოლიციური ძალადობა მოქალაქეებზე, ადამიანებისთვის პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა; მთავრობის უპასუხისმგებლობა, რომელიც ვერ ხედავს საკუთარ როლს ამ პროცესებში და ხელს უწყობს ქვეყნის მოსახლეობის ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან გაუცხოებას. ჩვენ ასევე უნდა გავაპროტესტოთ სამართალდამცავთა დაუსჯელობა.

ამ მიზნით, ჩვენ ვითხოვთ შემდეგს: 

1. დადგეს პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა;

2. საპოლიციო ძალადობის დასრულება მოქალაქეების მიმართ;

3. დასრულდეს სახელმწიფოს უპასუხისმგებლო მიდგომა მოქალაქეების მიმართ, როდესაც ის მხოლოდ ძალადობის და რეპრესიის განხორციელებაში ხედავს საკუთარ როლს და ამით ხელს უწყობს სამოქალაქო გაუცხოებას;

4. განხორციელდეს სამართალდამცავი სისტემის და ნარკოპოლიტიკის სიღრმისეული რეფორმა.”- ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ორდღიანი აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის”, სადაც მონაწილეები კლუბებში სპეცრაზმელების მიერ ძალისმიერი მეთოდებით სტუმრების დაშლას აპროტესტებდნენ, ახლა შეწყვეტილია. აქციაზე, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, მას შემდეგ, რაც კონტრაქციის მონაწილეები ფაშისტური და ულტრანაციონალისტური ლოზუნგებით მათ დასაშლელად მივიდნენ, თუმცა ორ აქციას პოლიცია ყოფდა. ადგილზე შს მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და 12 მაისს მომხდართან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა. ის შეპირდა ორგანიზატორებს, რომ მათ მოთხოვნებზე რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად დაკმაყოფილდება, თუ დადასტურდა სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. აქცია მას შემდეგ შეწყდა.

იტვირთბა....