ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პარლამენტართა კავშირები თამბაქოს ინდუსტრიასთან”: სამორინეებსა და სიგარ-ბარებში მოწევის აკრძალვას მოითხოვენ

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია სამორინეებსა და სიგარ-ბარებში მოწევის აკრძალვაზე. ისინი აპირებენ აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტს მიმართონ და მათ კანონში ცვლილების შეტანისკენ მოუწოდონ.

„მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილება და სამორინეებში (კაზინოებში) და სიგარ-ბარებში მოწევა აიკრძალოს. ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს იღებდა, სამწუხაროდ, ჩვენმა ალიანსმა ვერ შეძლო საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში მყოფ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტებს მორეოდა. სწორედ მათი გავლენითა და აქტიურობით, ახალი კანონის იმ მუხლში, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევას კრძალავს, გამონაკლისის სახით სამორინეებში (კაზიონებში) და სიგარ-ბარებში (მხოლოდ სიგარის) მოწევა დაიშვა. დღემდე ვაცხადებდით, რომ ჩვენ არ შევეგუებოდით მსგავს გამონაკლისს, რომელსაც თავიდანვე პროვოკაციული დანიშნულება ჰქონდა. კერძოდ, მოსალოდნელი იყო ის, რაც ორი დღის წინ მოხდა. ააიპ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პარლამენტს განცხადებით მიმართა, დაიშვას შესწორება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მეათე მუხლში, სადაც „ე“ ქვეპუნქტით მოწევა მხოლოდ სამორინეში შეიძლება. აღნიშნული ასოციაცია კანონის ასეთ დეფინიციას ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ მოწევა დაიშვას სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებით, არამხოლოდ სამორინეებში, არამედ ტოტალიზატორებში, აზარტულ კლუბებში და სათამაშო აპარატების სალონში.

ასოციაციის განცხადებით, დღევანდელი კანონი სამორინეებს თითქოს მონოპოლიურ უფლებას აძლევს და სათამაშო ბიზნესის სხვა სუბიექტებს გაკოტრებით ემუქრება. თუ მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, გამოსავალი მარტივია, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში უნდა გაუქმდეს მოწევის დაშვების გამონაკლისი სამორინეებში და სიგარა-ბარებში, რაც სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მიერ დასახელებულ მონოპილიის საფრთხესაც მოხსნის და სამორინეებში და სიგარ-ბარებში დასაქმებულ პერსონალსაც დაიცავს მწეველი სტუმრების მიერ მოხმარებული თამბაქოს კვამლისგან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ვიმედოვნებთ, აღნიშნული კომიტეტი საზოგადოების ჯანმრთელობის უფლებიდან გამომდინარე იმსჯელებს, თამბაქოს კონტროლის კანონში დახურულ სივრცეში მოწევის დაშვების გამონაკლისს გააუქმებს და სამორინეებსა და სიგარ-ბარებსაც გაათავისუფლებს თამბაქოს კვამლისგან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თამბაქოს ალიანსი მზად არის ამხილოს თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები, რომლებიც ამჯერად საკანონმდებლო ხელისუფლებაში აქტიურობენ. მოვითხოვთ სამართალდამცველებმა გამოიკვლიონ კონკრეტულ პარლამენტართა კავშირები თამბაქოს ინდუსტრიასთან“, – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

იტვირთბა....