ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

დეკანოზი ლომიძე: “სახელმწიფოვ, მიეცი ადამიანებს სიცოცხლის საშუალება”

გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

“არავითარი აზრი არა აქვს ბოლოდროინდელ მოვლენებზე კომენტარის გაკეთებას. გულის სიღრმეში ხომ ვიცით, რომ სრული უაზრობაა და ხვალ უფრო მეტ უაზრობად გამოჩნდება მსჯელობა იმაზე, უნდა შევარდნილიყვნენ თუ არა კლუბებში, უნდა მოეწყოთ თუ არა აქცია, ფაშისტური კონტრაქცია, გადაეკეტათ გზა, ელანძღათ ერთმანეთი, ეცეკვათ 9 აპრილის მემორიალზე, “ჭკვიანური” განცხადებები ეკეთებინათ თანმდებობის თუ სასულიერო პირებს, მოეხადათ ბოდიში და ამით გული აეჩუყებინათ ხალხისთვის და ა.შ. ისევ იგივე, ისევ ემოციები, ისევ ეს ცარიელი სამიტინგო სიტყვები და ეს საძაგელი სადღეგრძელოები.

ხვალ რა იქნება? იქნება ხვალ რეალური, მოფიქრებული და შედეგიანი საქმე? დავარტყამთ და შევუტევთ პრობლემას იქ, სადაც მართლა პრობლემის სათავეა? ამდენი წელი იგივე მეორდება, იგივე უაზრობა, ვერა და ვერ გამოვდივართ სუფრის და მიტინგის მოდუსიდან. ამიტომაც, უაზრობაა და საშინელი მოსასმენია ამდენი “სერიოზული” კომენტარი არაფერზე… წარმოუდგენელი საშინელება და სიგიჟეა, იცოდე რეალურად სადაა პრობლემა და რაღაც ზედაპირულ სისულელეებზე მოთქვამდე.

გუშინდელივით მახსოვს, 22 წლის წინ, სვეტიცხოვლობას წირვაზე ვიყავით მცხეთაში, სტიქაროსნებად ვახლდით პატრიარქს. იმდენი სასულიერო პირი შემოვიდა საკურთხეველში, რომ ნაბიჯის გადადგმაც კი შეუძლებელი იყო, გვერდს ვერ ვუქცევდით ერთმანეთს, სიცხისგან ჰაერი აღარ იყო, ზოგიერთი ცუდად გახდა. მაგრამ ყველა ეპისკოპოსს, მღვდელს თუ ჩვეულებრივ სტიქარისანს მაინც მიაჩნდა, რომ აუცილებლად იქ უნდა მდგარიყო. ერთი ხანშიშესული დიაკვანი იყო იქ და ვუთხარი: ეს რატომ ხდება? არ შეიძლება წინასწარ დაიგეგმოს, ვინ და რამდენი კაცი დაესწრება საკურთხეველში წირვას და შედეგ ყველა დაემორჩილოს ამ წესს, ხომ ვხედავთ, რომ ვეღარ სუნთქავს ხალხი? ხელი ჩაიქნია და ასე მიპასუხა: ეჰ, სულ ასე იყო და ასე იქნება, ნუ ნერვიულობო, დამამშვიდა. მე კი მაშინაც და ახლაც ვერ ვეგუები და არ შემიძლია შევეგუო უაზრობას; როცა ვიცით, რომ რეალური პრობლემა სხვაგანაა და ყველა სხვა სისულელეზე ვსაუბრობთ, მის გარდა. სიმართლე კი ისაა, რომ არ არის ხალხი ბედნიერი, არაა სიცოცხლით კმაყოფილი, უჭირს, სიცოცხლის შესაძლებლობა არ ეძლევა ადამიანს, არა აქვს სამსახური და პირადი საქმე, სადაც თავის განხორციელებას შეძლებს, არ ჰყოფნის ან საერთოდ არა აქვს ხელფასი, რითაც ადამიანის ღირსების შესაბმისად იცხოვრებს, შექმნის, იშრომებს, ეყვარება, გაერთობა, განვითარდება და სხვა. “ნუ ცდილობთ ასწავლოთ ხალხს ბედნიერების წესები, უბრალოდ მიეცით მათ სიცოცხლის საშუალება და თვითონ, თავისთავად გახდებიან ბედნიერნი”.

სახელმწიფოვ, მიეცი ადამიანებს სიცოცხლის საშუალება და თავისთავად მოგვარდება ბევრი პრობლემა!

გვქონდეს იმედი?”, – წერს დეკანოზი.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერიში” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

რუსთაველის გამზირზე,  აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

აქცია კი  მას შემდეგ დაიშალა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ხარაია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა. სწორედ ამ აქციის პარალელურად ქსენოფობიური ულტრანაციონალისტური ჯგუფების კონტრაქცია იმართებოდა, რომლებიც “თეთრი ხმაურის” მიერ ორგანიზებული აქციის დაშლას ითხოვდა.

 

იტვირთბა....