თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა 17 მაისს უსაფრთხოება დაცული იყოს. მისი განცხადებით, ყველას აქვს თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა.
„ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ყველას თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს. ამისთვის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია. ის, რომ ადამიანებს გარკვეულ დაჯგუფებებს თავიანთი შეხედულებები აქვთ ეს ნორმალური პროცესია. ესაა დემოკრატია, ვერავის უფლებები ვერ შეიზღუდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რასთან დაკავშირებითაც თბილისში, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან “თანასწორობის მოძრაობის” აქცია გაიმართება. ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან, რომ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები შეახსენონ.
მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. სწორედ ამიტომ აპირებენ მსვლელობას საპატრიარქოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მათი მრევლი.

