საქართველოს საპატრიარქო 17 მაისს, პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საგენგებოდ გამართულ ბრიფინგზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, მსვლელობა, რომელიც გაიმართება არ უკავშირდება რაიმე აგრესიას.
ის მოუწოდებს აგრესიულად განწყობილ საზოგადოებას, თავი შეიკავონ მსვლეობაში მონაწილეობისგან:
“ეს მსვლელობა არ უკავშირდება რაიმე აგრესიას. არამედ ჩვენ გვინდა, რომ ნამდვილ დღესასწაულად იქცეს, მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე. ამიტომ მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამდაგვარი განწყობები აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგან. ასევე, გვინდა მივმართოთ, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, ყოველგვარი აგრესიის გამოვლინება და პროვოკაციის მცდელობა, ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იყოს აღკვეთილი. ვემიჯნებით ყველანაირ აგრესიას. ეს არ არის აგრესიის გამოსახატავი დღესასწაული. ეს დაემთხვა ამაღლების დღესასწაულს და გვინდა, რომ ვაქციოთ ნამდვილ ზეიმად” – აღნიშნა დეკანოზმა ბრიფინგზე.
17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორიო დღეა, რასთან დაკავშირებითაც თბილისში, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან “თანასწორობის მოძრაობის” აქცია გაიმართება. ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან, რომ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები შეახსენონ.
მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. სწორედ ამიტომ აპირებენ მსვლელობას საპატრიარქოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მათი მრევლი.

