თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულ რვავე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც დაკავებულების მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
დაკავებულთა ადვოკატები კი დღევანდელ პროცესზე მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.
ადვოკატები უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას და ოპერატიულ მასალებზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, არც ერთ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება თან არ ჰქონდა.
სხდომას დაკავებულების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
კლუბ „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რვა პირი 12 მაისს დააკავა.
შსს-ში 12 მაისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შესაბამისი ვიდეომასალა გასაჯაროვდა.
უწყების ცნობით, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ კლუბ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.