ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუნდაძე: ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზება იმ ფორმით, რასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ  მიუღებელია

„ქართული ოცნების“ წევრი,  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ იმ ფორმით, რა კუთხითაც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის  პროექტია  კომიტეტში შემოსული, მისი მიღება კატეგორიულად მიუღებელია. ხუნდაძე ამბობს, რომ ამ ფორმით მისი მიღება მომხმარებელთა რიცხვის გაზრდას გამოიწვევს.

მისი აზრით, ქვეყანაში კანონპროექტი შესაცვლელია, მაგრამ არა მისი პოპულარიზაციის  გზით. ხუნდაძის განცხადებით, პირიქით, ანტინარკოპოლიტიკის პროპაგანდა უნდა მოხდეს. ის ამბობს, რომ ფაქტობრივად ნარკოტიკების პროპაგანდა ხდება და საზოგადოებას ამ კანონპროექტის შესახებ სრულიად სხვა ინფორმაცია მიეწოდება.

„არ არსებობს მსუბუქი და ძლიერი ნარკოტიკი. ყველა ნარკოტიკი ადამიანისთვის მავნებელია. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ მსუბუქი ნარკოტიკი მავნებელი არ არის და მის პროპაგანდას ეწევიან. უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, მაგრამ ეს გარკვეული რეგულაციების სახით უნდა განხორციელდეს. ეს არ უნდა იყოს წამახალისებელი კანონპროექტი.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის ქცევას, ვფიქრობ, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც აქციაზე მივიდა და ორი რადიკალურად განსხვავებულად მოაზროვნე ახალგაზრდების დაპირისპირება არ დაუშვა.

მინისტრის პოზიცია სწორი იყო და ასევე, კარგ მთქმელს კარგი გაგმგები უნდა. მან ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ კონფლიქტი არ წარმოშობილიყო.  დაპირისპირება რომ არ მოხდა ეს მინისტრის და იმ პოლიციელების დამსახურება იყო, რომლებიც რუსთაველის მოედანზე იდგა და რომლებიც ასევე კლუბებში სპეცოპერაციის დროს იმყოფებოდნენ. ისინი მათ უსაფრთხოებას საკუთარი მკერდით იცავდნენ“,-აცხადებს ხუნდაძე.

მისივე თქმით, მან სპეცოპერაციის დროს ნახა ახალგაზრდები, რომლებიც სპეცრაზმელებს შეურაცხყოფას აყენებდა. ხუნდაძე ამბობს, რომ მსგავსი ოპერაციები ევროპის სხვა ქვეყნებშიც ასე ტარდება, თუმცა იქ პოლიციას ასეთ შეურაცხყოფას ვერავინ უბედავს. დეპუტატის აზრით, კლუბში პოლიციას შესვლის უფლება ჰქონდა, რადგანაც მათ ხელში მოსამართლის განჩინება ეჭირათ და  ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. ხუნდაძე აცხადებს, რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია,  კლუბში ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ.  შესაბამისად პოლიციას სრულიად ლეგიტიმული უფლება ჰქონდა, რომ ამაზე რეაგირება მოეხდინა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

რუსთაველის გამზირზე,  აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.

 

იტვირთბა....