ახალი ამბები ბლოგები მთავარი საზოგადოება

Xtreme Off-Road Club Georgia: ადამიანები, რომლებიც სიკეთეს აწარმოებენ და ამით სიამოვნებას იღებენ

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს გამოუვალ სიტუაციაში. დახმარების ძალიან ბევრი ფასიანი სერვისები არსებობს და ხშირად ან უკმაყოფილოები ვართ ან კმაყოფილები. ნებისმიერი გაჭირვების დროს, შეგიძლია გამოიძახო დახმარება და მიტუმეტეს, თუკი ჯიბეში ფული გიდევს, 21-ე საუკუნეში, სოციალური ქსელის ეპოქაში, კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს და ყველა პრობლემა მყისიერად გვარდება.

ერთი შემთხვევის შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომელიც მე და ჩემს მეგობრებს გასულ ვიკენდზე გადაგხვდა. ჭილის ტბაზე სათევზაოდ წასვლა გადავწყვიტეთ. სათანადოდ მოვემზადეთ. ორხიდიანი ჯიპი დილიდანვე მოვიყვანეთ მწყობრში. ჩავალაგეთ ანკესები, ყველა საჭირო ნივთი და გავემგზავრეთ.

შუა გზაში აღმართი დაიწყო. არ გვეშინოდა, რადგან ჩვენი მანქანა ყველგან დადის და გამოცდილია. ნაწვიმარი იყო და ტალახი მატულობდა. ერთ ადგილზე მოვსრიალდით და მანქანის ქვედა ნაწილი ისე ჩაეფლო, ოთხივე ბორბალი ჰაერში ტრიალებდა. მივხვდით, რომ ცუდად იყო საქმე და ჩვენი ძალებით ვერ გავუმკლავდებოდით პრობლემას. არადა, ისეთ ადგილზე ვიყავით, დარწმუნებული ვარ სადაც არ უნდა დაგვერეკა, ვერცერთი ევაკუატორი იქამდე ვერ მოაღწევდა. ამიტომ გადავწყვიტეთ 112-ის ნაცვლად, სოციალურ ქსელში, OFF ROAD-ის წევრებისთვის მიგვემართა კონსულტაციებისთვის. დავპოსტეთ. დახმარება ვითხოვეთ და ლოკაციის ადგილიც მივუთითეთ. სიმართლე გითხრათ, ეს იდეა თავიდანვე არ მომეწონა და რაღაც სხვა ალტერნატივაზე ვფიქრობდი, თუმცა აშკარად შევცდი.

ცოტა ხანში რამდენიმე ზარი შემოვიდა. Xtreme Off-Road Club Georgia-ს ჯგუფიდან მისი ადმინი ირაკლი ნაჭყებია გამოგვეხმაურა.

“არ ინერვიულოთ ბიჭებო! ახლა თქვენი პოსტი წევრებს გავუზიარე და აუცილებლად დაგეხმარებით. დაელოდეთ ჩვენ ზარს” – გვითხრა ირაკლიმ.

ცოტა ამოვისუნთქეთ. თუმცა, პირადად მე ძალიან უცნაური გრძნობა დამეუფლა. ისიც ვიფიქრე, ალბათ Xtreme Off-Road Club Georgia-ს ფეისბუქ-ჯგუფის წარმომადგენლებს ასეთი ბიზნესი აქვთ და ფულს ჩვენნაირ გზაში ჩარჩენილებზე აკეთებენ თქო, გავიფიქრე.

1 საათი ვსაუბრობდით ტყეში მეგობრები. მაშველების ლოდინში სხვა რა საქმე გვქონდა?! დავინტერესდი, ვიკითხე ვინაა ეს ხალხი, Off-Road-ის ბიჭებს რომ ეძახით, მეთქი? რას წარმოადგენენ? მართლა არ ვიცოდი, არასოდეს მქონდა გაგებული მათზე. ამიხსნეს, რომ ექსტრემის მოყვარულები არიან და მანქანებით კლდეებზე დადიან.

პირველმა ვინც დაგვირეკა ვინმე, გოგა შარაშენიძე იყო. ის დაგვპირდა დახმარებას და ველოდით. თუმცა მის შემდეგაც ზარი ზარზე შემოდიოდა. აქეთ გვთხოვდნენ, გვევედრებოდნენ, თუ გოგამ ვერ მოახერხა, ჩვენ მოვალთო, მაგრამ გოგასთან უკვე შეთანხმებული ვიყავით და ყველას მადლობით ვისტუმრებდით.

რამდენიმე წუთის შემდეგ გოგამაც დარეკა. გვითხრა, ბენზინი ჩავასხი, მანქანის ამოსაყვანად საჭირო “ტროსი” არ მქონდა, ვიყიდე და მოვდივარო.

ცოტა შევცბი. გოგას სიტყვების შემდეგ დავრწმუნდი, რომ საკმაოდ სარფიანი ბიზნესი ჰქონდათ Xtreme Off-Road Club Georgia-ს ჯგუფის წევრებს. თუმცა, მაგაზე ვინღა ფიქრობდა, ახლა მთავარი იყო ჩვენი ჯიპი ამოგვეყვანა ტალახიდან და გზა გაგვეგრძელებინა.

გოგა თავისი ავტომობილით მოქანდა. იოლად მოგვაგნო. მანქანა მოკლე დროში ამოგვიყვანა და მის სახეზე წავიკითხე მხოლოდ ერთი რამ – რაც გააკეთა ამით უდიდესი სიამოვნება მიიღო. ავტომანქანის ამოყვანის პროცესსაც ისე მიუდგა, როგორც ხელოვნებას, რომლის განცდის შემდეგ ადამიანები ბედნიერები არიან.

ფულზე ვკითხე. მაინტერესებდა რამდენი იყო გადასახდელი. გოგას გაეცინა და დამაჯერებელი ტონით მითხრა, რომ Xtreme Off-Road Club Georgia-ს წევრები კეთილ საქმეში ფულს არ იღებენ.

სიმართლე გითხრათ ყბა ჩამომივარდა. ვერ წარმომედგინა, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლში იწვა და უქმე დღეს ნებივრობდა საწოლში, ადგა, სადღაც მთებში, ტყეში, ღრეში, ტალახში წასვლა გადაწყვიტა. მან თავისივე ხარჯებით ჩაასხა მანქანაში ბენზინი, იყიდა “ტროსი” და რამდენიმე კილომეტრი იარა ტალახში ვიღაც უცნობების დასახმარებლად და რაც მთავარია – ამით სიამოვნება მიიღო.

ამ ბლოგის დაწერის მიზეზი მხოლოდ ერთია. პირველ რიგში მინდა სრულიად “მეტრონომის” რედაქციის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადოთ გოგა შარაშენიძეს, ირაკლი ნაჭყებიას, ყველა იმ კეთილ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ რეკვას, რომ ჩვენ დაგვხმარებოდნენ. დიდი მადლობა Xtreme Off-Road Club Georgia-ს ჯგუფის ყველა წევრს იმისათვის, რომ ისინი არსებობენ, აქვთ საყვარელი საქმე და ამით სიამოვნებას იღებენ ისე, რომ ადამიანებს გაჭირვებაში უანგაროდ ეხმარებიან.

ავტორი: გენო ჯოხიძე

იტვირთბა....