ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვესიტაძე: “აბა, სისხლის ღვრა გინდოდათ „ – მპოსტავების, ოღონდ გონიერების საპასუხოდ”

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ, გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

„აბა, სისხლის ღვრა გინდოდათ „ – მპოსტავების, ოღონდ გონიერების საპასუხოდ. გუშინ გადაცემა რომ არ მქონოდა, აუცილებლად ვიდგებოდი რუსთაველის გამზირზე . რადგან მას შემდეგ, რაც იქ ფაშისტების ჯგუფი გამოჩნდა – ეს გახდა ყველაზე ძვირფასი ბრძოლა – ბრძოლა სწორი ღირებულებებისთვის და დასავლური არჩევანისთვის. გუშინ სწორედ იქ იყო ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის – რადგან ეს დაქირავებული, სიძულვილით გაჟღენთილი ბრო ყველგან შემოგვივარდება – აქციებზე, სამუშაო ადგილებზე, გასართობ სივრცეში და სახლებშიც კი – მათთვის წითელი ხაზი არ არსებობს. რადგან ამ ნეო-ფაშისტური ჯგუფებისთვის არავის დაუწესები ასეთი ხაზები – მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავად კვებავს, რათა საჭირო დროს პოლიტიკურ ოპონენტებს შეუსიონ ( და ამ დროს პოლიციელების თავში წათაქებასაც იოლად პატიობენ).

ამ ძალებს, რასაკვირველია, კვებავს რუსეთიც – რადგან რუსული პროპაგანდის „ცეცხლით და მახვილით“ გამავრცელებლები სწორედ ისინი არიან.

შაბათს ხელისუფლებამ პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით ყველაფერი გააკეთა, რომ კვირას ამ დაუნდობელ ბრბოს, კონტრაქციის სახით მობილიზება გაეკეთებინა – პირდაპირი აგენტების გამოყენებით და საკუთარი საინფორმაციო სააგენტოებით წარმოებული პროპაგანდით და აქციის მონაწილეების დემონიზირებით. მერე კი დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიციელების კორდონი ისე ჩაყენა, როგორც თავის დროზე რუსეთმა აფხაზეთში „სამშვიდობო ჯარები“.

დღეს ბევრი, მათ შორის ჩემი მეგობრები კითხულობენ – მაშინ რა იქნებოდა სწორი დასასრული? ამ კითხვაზე, ჩემი ღრმა რწმენით, ერთადერთი პასუხი არსებობს – რადგან ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო, ვიდრე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია – მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების ამ არაფორმალური ბანდის დაშლა უნდა ყოფილიყო. ეს უნდა ყოფილიყო გახარიასთან დაწყებული მოლაპარაკების წინაპირობა – და ეს მოლაპარაკება, რასაკვირველია, არა დახურულ კარს მიღმა, არამედ კამერების წინ, პირდაპირ ეთერში უნდა წარმართულიყო (სომხეთის აქციებზე რომ წაეკითხათ ცოტა რამ აქციის გამოუცდელ ორგანიზატორებს, კარგი იქნებოდა).

სამაგიეროდ რა მივიღეთ – თეთრი ხმაურის მოძრაობისთვის საკენკად გადაგდებული გაურკვეველი დაპირება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, მქუხარე ოვაციები, ავტობუსებით გაპარული აქციის მონაწილეები – შემდეგ კი აქციის ადგილას მარშელების ზეიმი და სანდრო ბრეგაძის განცხადება – რომ ქვეყანა მათია და მიესალმებიან შსს-ს მიერ მაღალპროფესიულად ჩატარებულ ოპერაციას.

ამით, აქციის ორგანიზატორებმა აჩვენეს, რომ საერთოდ არ ჰქონდათ გააზრებული რა ბრძოლაში შევიდნენ, აქციის მოთხოვნები თავიანთ ვიწრო ინტერესებამდე დაიყვანეს და გამარჯვება ხელში მიაჩეჩეს ხელისუფლებას.

ახლა მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს – ხვალ რომ ეს, ხელისუფლებისგან ხელდასმული, გუშინ გამარჯვებული „შავპერანგიანები“ კლუბებში შემოგივარდეთ, მაშინ რას აკეთებთ?”- წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავი2-ის ღამის ეთერში გადაცემა “კვირის აქცენტები”  ეკა კვესიტაძესთან და ნიკა გვარამიასთან ერთად გადიოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად, პოლიტიკოსები გუშინდელ აქციას ეხმაურებოდნენ და აფასებდნენ.

იტვირთბა....