არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას სახალხო დამცველიც ესწრებოდა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მან გიორგი გახარიასგან მიიღო დაპირება, რომ უწყება ომბუდსმენის აპარატს 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეო მასალას გადასცემს.
ლომჯარიას თქმით, უწყება შეისწავლის ვიდეომასალას, რათა დადგინდეს ჰქონდა თუ არა სამართალდამცველების მხრიდან უფლებების დარღვევას ადგილი.
ომბუდსმენის განცხადებითვე, შს მინისტრმა შეხვედრაზე თქვა, რომ გადაცდომა იყო მოქალაქეთა მხრიდან, რომლებიც სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რასაც როგორც მინისტრი ამბობს, მათი დაკავება მოჰყვა.
“შევთავაზე ორგანიზატორებს, რომ ყველა საჩივარი იყოს შემოტანილი სახალხო დამცველთან და ჩვენ ყველა სარჩელს შევისწავლით. შსს-მ გამოთქვა მზაობა, რომ ვიდეო კადრებს გადმოგვცემს და გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ და დავადგინოთ ყველაფერი. ეს კადრები არის როგორც სპეცოპერაციის მიმდინარეობა ასევე აქციის მონაწილეების დაკავება“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.