ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალანდია: “გუშინ ხომ ითხოვდით ქმედებას? ხომ იძახდით ახალგაზრდები იხოცებიან სად არის ხელისუფლებაო”

ხელოვნების სასახლის დირექტორი და ისტორიკოსი გიორგი კალანდია, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„რამდენიმე კვირის წინ დაახლოებით ღამის 11 საათზე აღმაშენებლის პროსპექტზე ამხანაგის სახლიდან სამსახურისკენ ფეხით მოვდიოდი, მარჯანიშვილზე მომავალს ერთი სქელტანიანი ბიჭი შემომეგება, მორბოდა და გაუგონრად ვიღაც დათოს აგინებდა, უკან გოგონები მოსდევდნენ და შეზარხოშებულ „ვაჟკაცს“ ამშვიდებდნენ, ის კი მაინც შფოთავდა, დათვივით მოძუნძულებდა და ასევე დათვივით ღრიალებდა, არას დაგიდევდა არც ქუჩას, არც გვიან ღამეს, არც გაოგნებული უცხოელების სახეებს, მარჯანიშვილის მოედანზე ის მრავალგზის შეგინებული დათო შემოხვდა… შემოხვდა და ორომტრიალიც დაიწყო, რითი დამთავრდებოდა ეს ორთაბრძოლა ვერ გეტყვით რომ არა მოედანზე მდგარი პოლიციის მანქანა, 1 წუთში პირტიტველა ბიჭები ადგილზე გაჩნდნენ, ამ ორ ჩაჭიდებულ მხეცს აშველებდნენ, ხელებს უგრეხდნენ, რომ იმ ხელებით ერთმანეთი არ მოეხჩოთ, არ დაეხოცათ, ჰოდა ეს პოლიციის მიერ ხელმოგრეხილი ბიჭები ახლა სამართალდამცავებს მოსდგნენ და მათ დაუწყეს გინება, ღრიალს წივილ-კივილით ის ადევნებული გოგონები აჰყვნენ და პოლიციელებს მკვლელები, არამზადები, არაკაცები უძახეს…

ვუყურებდი ამ სცენას და ვფიქრობდი, რომ მხოლოდ საქართველოში შეიძლება იმღერო „ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები“, მხოლოდ საქართველოში შეგიძლია ქოთანს ნებისმიერ მხარეს ყური მოაბა, მხოლოდ საქართველოში შეიძლება პოლიციელს წესრიგის დაცვისთვის აფურთხო, აგინო და დაამცირო. იმ ბიჭებს იმ ღამეს ერთმანეთი, რომ დაეხოცათ ყველა იტყოდა პოლიცია სად იყოო, არადა ერთმანეთის პოტენციურ მკვლელებს ხელი რომ მოუგრიხეს და მიწაზე დაყარეს პოლიციელი მაშინვე „მოძალადედ“ იქცა…

რა გინდათ თქვე ოჯახაშენებულებო რამდენი ახალგაზრდა ჩაწვა მიწაში, რამდენი მოიწამლა და დასახიჩრდა?! ნუთუ არ იყო გადამწყვეტი და ხისტი მოქმედების დრო?! დღეს „აღშფოთებულები“ გუშინ ხომ ითხოვდით ქმედებას? ხომ იძახდით ახალგაზრდები იხოცებიან სად არის ხელისუფლებაო?! კლუბურ ცხოვრებას არ ვებრძვი, მომწონს და მისით ვიხიბლები, მაგრამ არ მომწონს ნარკოდილერები, რომლებიც ამ კლუბებში ნარკოტიკებს ყიდიან, ჩვენ შვილებს ხოცავენ! ჰოდა გუშინ ეს ნარკოდილერები დაიჭირეს, არცერთი კლუბი არ დაუხურავთ, არცერთი ახალგაზრდა არ დაუჭერიათ, არავინ ჩაუწვენიათ სისხლში, არავისთვის ურტყიათ გამეტებით! საპასუხოდ ისმოდა გინებაც, უშვერი სიტყვებიც და ლანძღვაც…

გახსოვდეთ თუ ცუდ ექიმს დაიჭერენ ან სამსახურიდან გააგდებენ ეს მედიცინასთან ბრძოლას არ ნიშნავს!

ჩემს ვრცელ პოსტს ჩემი მეგობრობის ლიკა შავიშვილის სტატუსით დავამთავრებ:
კარგიც და ცუდიც მარტო რომ ჩვენ გვგონია „გვემართება”.

  • მარტო რუსეთში არ ტარდება კლუბებში ანტი-ნარკოტიკული სპეც ოპერაციები. გუგლი კარგი რამეა და ნახეთ.
  • საკუთარ სამზარეულოში, დედასთან ჩაის სმის პროცესში ნარკო-რეალიზატორებს არსად არ იჭერენ.
  • პოლიციამ ქალს არტყმევინა თავი თუ კაცს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
  • ძალის გადამეტება ჩანს კადრებში, თუმცა დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ნაცემი არ არის არავინ.
  • დემონსტრაციის დაშლის დროს ან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისას, ნაზად არსად არავის ტენის მანქანაში პოლიცია. ასევე გუგლ.
  • სახელმწიფო არ არის თანმიმდევრული და კოორდინირებული თავის ქმედებებში და არ აქვს ნარკოტიკებთან ბრძოლის ეფექტური და არა-ძალადობრივი გეგმა.
  • ტურიზმისთვის კარგი არანაირი არეულობა, დესტაბილიზაცია და დემონსტრაცია არაა.
  • ვინმემ ამიხსნას რას ნიშნავს კლუბური ცხოვრების „დემონიზირება“. ვისაც უყვარს კლუბი და გართობა შეეშინდება და აღარ წავა? თუ იტყვის: „უი მანდ ნარკოტიკებიც ყოფილაო“?
    დაწყნარდით რა.
  • აი ეგეთი ბნელი ვარ მე
  • და ბოლოს, მაგალითისათვის, ჩემი არასრულწლოვანი ან თუნდაც სრულწლოვანი შვილი კლუბში გასართობად მისული რომ ვინმემ მომიწამლოს, ან მით უფრო მომიკლას, კლუბს მე რასაც დავმართებ იმასთან შედარებით სპეცოპერაცია ზღაპრად მოგეჩვენებათ“, – წერს გიორგი კალანდია.
იტვირთბა....