ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩუგოშვილი: ჩვენ გვიწევს ფორსირებულად და დაჩქარებულად ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა

„ბუნებრივია, რომ ახლა ჩვენ გვიწევს უკვე ძალიან ფორსირებულად და დაჩქარებულად ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა,“ – ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

ვიცე-სპიკერის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, რის გამოც, ამ დრომდე ჭიანურდებოდა რეფორმის გატარება.

„ჩემი აზრით, ბევრად უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო ამ რეფორმაზე მუშაობა, მაგრამ ვინაიდან გარკვეული მიზეზების და აზრთა სხვადასხვაობის გამო გაჭიანურდა ეს რეფორმა და საკმაოდ დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია ახალგაზრდებში, ბუნებრივია, რომ ახლა ჩვენ გვიწევს უკვე ძალიან ფორსირებულად და დაჩქარებულად ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა,“ – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას კანონმდებლები მხარს დაუჭერენ.
„ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა გაიაზრებს იმ პროცესების მნიშვნელობას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაბამისად, მხარს დაუჭერს დროულად ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას ამ მიმართულებით,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

რუსთაველის გამზირზე,  აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და ახალგაზრდებს  მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.

იტვირთბა....