ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საქართველოს საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა:
ჩვენი მოქალაქეები შესძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა.
მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა.
შეგახსენებთ, თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართება, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.