„ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დაკავებული ორი პირის ადვოკატი გიორგი სინონიშვილი აცხადებს, რომ ეს ორი პირი კლუბებში არ აუყვანიათ.
მისი თქმით, დაკავებულებისთვის გამოძიებას ჯერ ბრალი არ აქვს წაუყენებია.
„ჯერ არ გვაქვს მტკიცებულებები – ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, რა გარემოებებია, რა მტკიცებულებებია. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ მშვიდ ვითარებაში დააკავეს – ერთ-ერთი „მაკდონალდსთან“, მეორე დიღომში“, – აცხადებს ადვოკატი.
შსს-ს ცნობით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.
2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი