პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა “ქართული ოცნების” ყრილობის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბატონი ბიძინა არ ბრუნდება ხელისუფლებაში და ის არ წასულა პოლიტიკიდან – ის იყო და არის “ქართული ოცნების” დამფუძნებელი.
დეპუტატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი არასწორად არის აღქმული.
“მისი პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად დაყენება და არჩევა განპირობებულია იმით, რომ ჩვენი პარტია გაძლიერდეს. პარტიას სჭირდება იმ სტანდარტის მიღწევა, რომელიც მიღებულია ევროპული პარტიებისთვის, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში და მის პროცესშიც შეძლოს ქართველი ხალხის სურვილის, მოთხოვნების, ნების გატარება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში”,- განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და წევრი იყო, ყველა ყრილობას ესწრებოდა, შესაბამისად, ვინც პოლიტიკური პარტიის ცხოვრებაში არის პოლიტიკური პროცესის თანამონაწილე, “ქართული ოცნებიდან” წასულად ვერ ჩაითვლება.