ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

17 მაისს მთავრობის კანცელარიასთან თანასწორობის მოძრაობა აქციას გამართავს

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს, 19:00 საათზე  მთავრობის კანცელარიასთან თანასწორობის მოძრაობის აქცია  გაიმართება.

ღონისძიება Facebook-ზე აქციის ორგანიზატორებმა უკვე დააანონსეს.

„2013 წლის 17 მაისს საზოგადოება ძალადობაზე, როგორც ყველასთვის საფრთხისშემცველ მტაცებელზე არ ფიქრობდა და შედეგად, სამოქალაქო ომის შემდეგ ყველაზე სასტიკი და სამარცხვინო სამოქალაქო დარბევის მომსწრენიც გავხდით.

ამ დღემდე არავის გვქონდა ნანახი, როგორ გამოიყურება ათიათასობით მოქალაქე, რომელიც მოსაკლავად მისდევს რამდენიმე ათეულ მშვიდობიან თანამოქალაქეს. ამ კონკრეტულ დღეს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამ დღეს ადამიანებმა სიცოცხლე არ დავკარგეთ, მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა დაკარგა ცხოვრების ძვირფასი ნაწილი – ოჯახის წევრები, ბავშვობის მეგობრები, ნაცნობები და შეყვარებულებიც კი.

17 მაისს ერთმანეთი დავკარგეთ ადამიანებმა ბარიკადების ორივე მხარეს, ხოლო ამ დღეს აგორებულმა სიძულვილისა და ზიზღის, ჰომოფობიის ტალღამ მოგვიანებითაც არაერთი ჩვენგანი დატოვა მეგობრის, სახლის და სიცოცხლის გარეშე. ჩვენ გვახსოვს, რომ სასტიკად მოკლული ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ზოგჯერ არც კი იგლოვეს, ზოგჯერ დაწვეს, ზოგჯერ კი სიხარულით აღნიშნეს ჩვენი დებისა და ძმების სიცოცხლის დასრულება.

2018 წლის 17 მაისს, ჩვენ, ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ვიკრიბებით იმისთვის, რომ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები” – წერია Facebook-ზე, ღონისძიების ტექსტში.

 

იტვირთბა....