ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

რას აკრძალავდა ქვეყანაში, 17 მაისი, მარიხუანა, საზმაუ – ბლიც-ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

ვის ისურვებდა საქართველოს პრეზიდენტთან, საპატრიარქოში არსებული ვითარება – “მეტრონომმა” “რესპუბლიკური” პარტიის წევრ თამარ კორძაიასთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

მეტრონომი: მარიხუანა თუ გაქვთ მოწეული?

თამარ კორძაია: კი, მოწეული მაქვს. ერთხელ გავსინჯე.

მეტრონომი: ყველაზე სიმპატიური ქართველი კაცი პოლიტიკოსი..

კორძაია: ვერ გეტყვით, არ მიფიქრია. სავარაუდოდ, ბევრნი იქნებიან.

მეტრონომი: 17 მაისი ოჯახის სიწმინდის თუ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე?

კორძაია: ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე. ოჯახის სიწმინდის დღე ხელოვნურად შექმნილი დღესასწაულია. ოჯახის სიწმინდის დღე არ მესმის რა არის. ოჯახის სიწმინდე არსებობს მუდმივად ცხოვრებაში და ამას ცხოვრებით ამტკიცებ.

მეტრონომი: თქვენი ნება რომ იყოს, ქვეყანაში რას აკრძალავდით?

კორძაია: არაფერს ავკრძალავდი. რაც სისხლის სამართლის კოდექსითაა აკრძალული ის საკმარისია. უფრო მეტიც კი არის ამ კოდექსში ჩაწერილი.

მეტრონომი: ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად?

კორძაია: დიმიტრი გელოვანს.

მეტრონომი: “აიისა”..

კორძაია: “აიისა” არის კრეატიული, საინტერესო კომპანია, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.

მეტრონომი: რას ფიქრობთ მარიხუანას ლეგალიზაციაზე?

კორძაია: პერსონალურად მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე ვარ. პარტია დეკრიმინალიზაციის მომხრეა. პრინციპში ეს საკითხი რომ დარეგულირებული იყოს და არ ხდებოდეს ის რაც ხდება, კარგი იქნებოდა.

მეტრონომი: როგორ უნდა მოგვარდეს საპატრიარქოში არსებული პრობლემა?

კორძაია: გამჭირვალობით. თანამედროვე სამყაროში ვერაფერი გვარდება, რაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესი უნდა გაიხსნას, ყველა პრობლემაზე უნდა დაიწყოს ღიად საუბარი, საკუთარი სისუსტეები უნდა გადავლახოთ და პრობლემას თვალებში უნდა შევხედოთ.

მეტრონომი: წიგნი, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა..

კორძაია: ბევრია ასეთი, ადამიანზე ყველა წიგნი რაღაც გავლენას ახდენს. თუმცა, გეტყვით.. მილან კუნდერას “უკვდავება” იყო, რომელმაც ძალიან იმოქმედა.

მეტრონომი: ივანიშვილი თუ სააკაშვილი?

კორძაია: არცერთი

მეტრონომი: მარგველაშვილი თქვენში რა ასოციაციას იწვევს?

კორძაია: პრეზიდენტის, რომელიც 5 წელი იყო ამ პოსტზე.

მეტრონომი: ღამის კლუბში თუ ყოფილხართ და რომელში?

კორძაია: ახალგაზრდობაში კი და ახლა არ ვყოფილვარ. თბილისში არ იყო, ბათუმში ვიყავი, სახელი არ მახსოვს, ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, ზაფხული იყო.

მეტრონომი: საზმაუ გვჭირდება თუ არა?

კორძაია:  კი, რა თქმა უნდა. ბუნებრივია, გაუმჯობესებული ფორმით, ვისურვებდი BBC-ის მსგავსს.

იტვირთბა....