საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, თოთქოსდა ის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის – ინტერპოლის მაღალჩინოსანი იყო. ბრალდებულმა მოქალაქეს 5 000 აშშ დოლარი გამოართვა და დაპირდა, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მეშვეობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დაეხმარებოდა.
საქმეზე გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოძიება , რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით ითვალისწინებს.