ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევა, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ მისი ეშინია და ის მათთვის „თეთრ ყვავად“ იქცა. პოლიტოლოგის აზრით, მარგველაშვილი მმართველი გუნდიდან საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ელოდება.
ცინცაძე ფიქრობს, რომ თუ ისინი პრეზიდენტობის კანდიდატად ივანიშვილს დაასახელებენ, მაშინ მარგველაშვილი კენჭს აღარ იყრის. ხოლო თუ სხვა კანდიდატი წარადგინეს, მაშინ ციცნცაძე ფიქრობს, რომ მარგველაშვილი ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერია და ნებისმიერს ხელზე დაიხვევს. ანალიტიკოსის თქმით, მარგველაშვილი ბუნებით თავისუფალი ადამიანია და მან ეს ივანიშვილთან დაპირისპირებით დაამტკიცა.
„მარგველაშვილი „ოცნებას“ კანდიდატურის წამოყენებას არ დაასწრებს. ვფიქრობ, რომ მისთვის გადამწყვეტი მომენტი მაინც ივანიშვილს აქვს. ის ელოდება მმართველი პარტია მის კანდიდატს ხომ არ წამოაყენებს. თუ ივანიშვილი კანდიდატი იქნება, მაშინ მარგველაშვილი თამაშიდან გავა.
სხვა ნებისმიერ კანდიდატს, აღარ მინდა დავასახელო სავარაუდო გვარები, ყველას ხელზე დაიხვევს და იოლად გაუსწორდება.რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ თავისი სტრატეგიული რეზერვი არ ჩართო. მხედველობაში მაქვს ის შენობა, რომელსაც უკვე რკინის ღობე შემოავლეს. ჩემი აზრით, მარგველაშვილი იდიალური კანდიდატია, ის არავის მომხრეა და ხალხის ინეტერესებს ადვილად გაატარებს. თუმცა ოქტომბრის შემდეგ, პრეზიდენტს სამწუხაროდ ბევრი აღარაფრის უფლება აღარ ექნება. „ოცნებამ“ მარგველაშვილის ჯინაზე ნაბანს ბავშვი გადააყოლა და მომავალი პრეზიდენტი გააბითურა. ყველა ვინც პრეზიდენტი გახდება, სულ ბისმარკი, რომ გაცოცხლდეს ისიც სასაცილო იქნება“,-განაცხადა ცინცაძემ „მეტრონომთან“.
ავტორი: ელზა პაპოშვილი