თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ყველა დამნაშავე დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება პოლიციელი, მისი ძმა, ბიძაშვილი თუ ბიცოლა. საუბარია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც იკვევა, რომ ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის ძმა შსს-ს თანამშრომელია.
“ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი თუ ვინმეს ბიცოლა. კანონი არის უზენაესი და ყველასთვის ერთია. არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ჩვენ განსხვავებული მიდგომა არ გვახასიათებს, შესაბამისად, ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათ პასუხი აგონ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 7 მაისს, ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებული 2 მოქალაქიდან, ერთ-ერთის ძმა შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. უწყებაში აცხადებენ, რომ მან იმავე დღეს მიმართა სამინისტროს ხელმძღვანელობას მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
“ამ ეტაპზე ხსენებული პირის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაულში მონაწილეობის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნულ პირს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა”- აცხადებენ უწყებაში.