საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პარკში მივიდა. მან მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და ვაკის პარკში განთავსებული უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.
პრემიერის თქმით, სტაბილურობა ძალიან ძვირფასია და მას ყველა უნდა გაუფრთხილდეს:
“მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ვეტერანებს. ჩვენი ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ, ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისინი გულში. ისინი არიან ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი. 300 000-ზე მეტი ადამიანი აღარ დაბრუნდა. ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის უცნობი. ასე რომ, დღეს პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გააწირა ქვეყნის გადარჩენისთვის. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას. სტაბილურობა არის ძალიან ძვირფასი და ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამას”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
ვაკის პარკში ორი აქცია გაიმართა. “სოციალისტური საქართველოს” წევრები აქციაზე საბჭოთა სიმბოლიკით მივიდნენ, რამაც სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. ვაკის პარკში ასევე ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.