პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატების საპასუხოდ უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ იმაზე უარესი არაფერი შეიძლება ხდებოდეს, როდესაც რეალურად, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ არ იცის, როგორ ნარკოპოლიტიკას ატარებს ხელისუფლება – ამ ვითარებაში შეიძლება ვიღაცამ ხელი მოითბოს, ხოლო ვიღაც რეპრესიული პოლიტიკის მხვერპლი გახდეს .
“აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კანონპროექტის განხილვამ ერთი თვით გადაიწიოს – აქ საუბარია იმაზე, რომ ფაქტობრივად წელიწადზე მეტია, კანონპროექტი პარლამენტში დევს და არაფერი ხდება. ამაზე უარესი რეალურად არ შეიძლება ხდებოდეს იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლესობის და ხელისუფლების გზავნილი საზოგადოების მიმართ, სამართალდამცავების, ნარკორეალიზატორების მიმართ არის ბუნდოვანი. როდესაც ამბობთ, რომ “ჩვენი პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ რეპრესიული არ არის და საკმაოდ მკაცრია ნარკორეალიზატორების მიმართ“, სინამდვილეში გამოდის პირიქით, რომ ნარკორეალიზატორები არიან საკმაოდ პრივილეგიურ მდგომარეობაში და მათთვის რეალურად არის ვითარება, როდესაც საკმაოდ ხელგაშლილები არიან“, – განაცხადა “ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.