ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბურჯანაძე: “ნარკობიზნესს ხელისუფლებაში მფარველი ჰყავს და სავარაუდოდ ის უმაღლესი ჩინოვნიკი უნდა იყოს”

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს, “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აყენებს და ნარკოტიკების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, მიუხედავად, ქვეყანაში არსებული ასეთი ტრაგიკული ვითარებისა, საზოგადოებამ ვერ დაინახა ხელისუფლების და შს სამინისტროს მიერ გადადგმული ვერცერთი ნაბიჯი.

„ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად გვესმის, რომ რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა, რამდენიმე ახალგაზრდის ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობაშია. მიუხედავად, ქვეყანაში არსებული ასეთი ტრაგიკული ვითარებისა, ჩვენ ვერ დავინახეთ ხელისუფლების და შს სამინისტროს მიერ გადადგმული ვერცერთი ნაბიჯი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მან მაგალითად მოიყვანა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელმაც  უმკაცრესი ზომები გაატარა ერთ-ერთი კლუბის მიმართ, სადაც ნარკოტიკული საშუალებით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ვიდრე გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარდა, კლუბი ერთი წლის მანძილზე დაიხურა.

„დიდ ბრიტანეთში რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ კლუბში ანალოგიური შემთხვევა მოხდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ისეთი ამბავი იყო დიდ ბრიტანეთში და ისეთი გამოძიება ჩატარდა, რომ ერთი წლის მანძილზე კლუბი დაიხურა. დიდმა ბრიტანეთმა უმკაცრესი ზომები გაატარა, იმისთვის რომ არცერთ კლუბში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილიყო. ჩვენთან კი ახალგაზრდები კვდებიან და მეორე დღეს ეს კლუბები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს როგორ უფრთხილდება ჩვენი ხელისუფლება მომავალ თაობას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, დარწმუნებულია, რომ ნარკობიზნესს ხელისუფლებაში მფარველი ჰყავს და აცხადებს, რომ ის უმაღლესი ჩინოვნიკი უნდა იყოს. ამაზე პასუხისმგებლობას ის შს მინისტრს გიორგი გახარიას აკისრებს.

„როგორ შეიძლება ქვეყანაში ახალგაზრდები ყოველდღე იხოცებოდნენ და მთელი კვირის განმავლობაში არ იყოს გამოძიების თუნდაც წინასწარი შედეგი ცნობილი. ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება არ არსებობს და ასევე პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ამ კრიმინალური დაჯგუფების უკან, ვისაც ახალი ნარკოტიკული საშუალება შემოაქვს, მფარველობს ვიღაც და ეს ვიღაც უმაღლესი თანამდებობის პირია. არ შეიძლება ნარკოტიკები ასეთი სისწრაფით, ასეთი რაოდენობით ასე თავისუფლად ვრცელდებოდეს ქვეყანაში, არ იყოს დაჭერილი და დასჯილი არცერთი ადამიანი, თუ მის უკან არ დგას მაღალჩინოსანი, რომელიც მფარველობს და ხელს უწყობს ნარკობიზნესს. კატეგორიულად მოვითხოვთ, სასწრაფოდ გამოძიებულ იქნას ნარკოტიკებთან დაკავშირებული ყველა საქმე. ასევე კატეგორიულად მოვითხოვთ, დადგეს შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი თუ კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ყველა საქმე უსწრაფესად არ იქნება გამოძიებული. აშკარაა, ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსანი, მფარველობს ნარკობიზნესს. მე ამის შესახებ, ბუნებრივია ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ შს მინისტრს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დაღუპულთა ახალგაზრდების ოჯახის წევრებს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხდა.

იტვირთბა....