საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მსახიობი კახა აბუაშვილი იგივე “კაბუ” კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. აბუაშვილის ოჯახისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად დაკავებული და როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი. კახა აბუაშვილის დედის განცხადებით, ოჯახი თავად დაკავებულის ზარს ელოდება, რისი უფლებაც მას ადგილობრივი კანონმდებლობით აქვს. ცირა აბუაშვილის თქმით, მის შვილს საფრანგეთის სახელმწიფომ ადვოკატი აუყვანა, თუმცა მასთან კომუნიკაცია ოჯახს არ ჰქონია. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„ადვოკატი აყვანილი ჰყავს, თუმცა ვერ ვიგებთ სად არის. სხვა ქალაქშია გადაყვანილი და ვინც არიან იქ ადგილზე, ვერ ნახეს ჯერ. თვითონ სახელმწიფომ დაუნიშნა ადვოკატი. სხვა არაფერი არ ვიცით. ველოდებით ზარს მისგან ამ დღეებში. ვიცით, რომ აქვს ზარის განხორციელების უფლება და ველოდებით როდის დაგვიკავშირდება თვითონ“, – განაცხადა ცირა აბუაშვილმა.
საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკა სირაძე-დელონის თქმით, კახა აბუაშვილს საელჩოსთვის არ მიუმართავს და შესაბამისად, ოფიციალური მიმართვის გარეშე საელჩო საქმეში ვერ ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ დაკავების შესახებ ინფორმაცია 18 აპრილს გახდა ცნობილი. შსს-ს ინფორმაციით, მსახიობი საფრანგეთში ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული.