ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვირიკაშვილი: “სკოლაში ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ თანმიმდევრული ნაბიჯებით”

განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე ძირეულ ცვლილებებსა და პროფესიული განათლების კუთხით დანერგილ სიახლეებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.

პრემიერის თქმით, უკვე შემუშავებულია პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებასა და თავსებადობას უზრუნველყოფს.

„უმაღლესი განათლების სფეროში ჩვენ ვახორციელებთ ძირეულ ცვლილებებს, ხელს ვუწყობთ მოთხოვნადი დარგების და პროფესიების განვითარებას, დავიწყეთ ავტორიზაციის და აკრედიტაციის ახალი, გაუმჯობესებული სტანდარტების დამკვიდრება, მსოფლიო ბანკთან ერთად დაწყებულია სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება. საქართველოში თითოეული აბიტურიენტი, სტუდენტი, მშობელი, მთლიანად ჩვენი საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი მის სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტის, საერთაშორისო დონის განათლებას აძლევს.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, როგორც იცით, ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს განათლების რეფორმის ფარგლებში. კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვნერგავთ პროფესიული განათლების ძალიან წარმატებულ მოდელს. პროფესიული სწავლება, ერთი მხრივ, შრომის ბაზრის საერთაშორისო სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული, მეორე მხრივ, მოერგება კონკრეტული რეგიონის საჭიროებებს. უკვე შემუშავებულია პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებასა და თავსებადობას უზრუნველყოფს. დაწყებულია პროფესიული კოლეჯების შექმნა როგორც უმაღლესი სასწავლებლების, ისე კერძო კომპანიების ბაზაზე. უკვე შემდეგი სასწავლო წლიდან იგეგმება ევროპულ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გაცვლითი პროგრამების განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა სასკოლო განათლების მიმართულებით და აღნიშნა, რომ სკოლაში ძალიან ბევრი სამუშაოა.

„სასკოლო განათლების განვითარების მიზნად ვისახავთ შემოქმედებითად მოაზროვნე, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების თაობების აღზრდას, მათ მომზადებას სწავლის შემდეგი საფეხურებისა და ზოგადად, ცხოვრებისათვის. სკოლა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ყალიბდება ადამიანი. ამდენად, ჩვენ სკოლაში ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ სწორად დაგეგმილი, თანმიმდევრული ნაბიჯებით.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სკოლასა და ზოგადად, განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა. ამ მიმართულებითაც დაწყებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა – სხვადასხვა უწყებების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, უფრო ინტენსიურად მოხდება სასკოლო პროცესში ფსიქოლოგების და მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა, დაიწყო მოსწავლეებთან აქტიური კომუნიკაციის პროექტიც.

დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე ვდგავართ და ისინი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს, ამავე დროს, ეს ყველაფერი მოითხოვს საზოგადოების მაქსიმალურ აქტიურობას. ჩვენი ვალია არა მხოლოდ მკაფიოდ ავუხსნათ საზოგადოებას განხორციელებული ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის არსი, არამედ უწყვეტი საჯარო დისკუსიის პირობებში ერთად შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც გახდება ძალიან ძლიერი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში ჩვენ ნამდვილად დიდ წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....