ნანა ბერძენიშვილის ერთადერთი ქალიშვილი, 13 წლის ელენე 9 თვის წინ გახმაურებულ ონლაინ-თამაშს “ლურჯ ვეშაპს” ემსხვერპლა – გოგონა მე-13 სართულიდან გადმოხტა (იხილეთ სტატია “მეშინოდა, ელეს, ჩემს შვილს არ ვაწყენინო-თქო და დღეს ის აღარ არის ცოცხალი…”). სასოწარკვეთილი დედა იბრძვის, რომ ყველა მშობელი გააფრთხილოს ონლაინ-საფრთხეებზე, გადაარჩინოს სხვა მოზარდები მსგავსი საბედისწერო შემთხვევებისა და უფრო მეტიც – სიკვდილისგან.
სამწუხაროდ, მშობლები, რომლებიც ეჭვობენ, რომ ბავშვი ჩართულია ამ თამაშში, როგორც წესი, სამართალდამცველებს არ მიმართავენ. ისინი ბავშვთან მოლაპარაკების გზით ცდილობენ მოაგვარონ ეს პრობლემა. ურო მეტად ის მშობლები მიმართავენ,
რომელთა შვილებიც უკვე ემსხვერპლნენ “ლურჯ ვეშაპს”. სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით.
– თქვენ შემთხვევაშიც არის საქმე აღძრული. ამ ეტაპისთვის, თუ აქვს გამოძიებას რამე კონკრეტრული შედეგი?
– ამ წუთისთვის რამე კონკრეტული შედეგი არ არის. 9 თვეა გასული. ველოდები გამოძიების დასრულებას. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თამამად ვიტყვი, რომ სირაქლემის პოზიციაში არიან და არანაირი საინფორმაციო კამპანია არ უწარმობიათ ამ თემაზე, მსჯელობის დონეზეც კი.
– მშობელმა და ბავშვმა, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, როგორ უნდა დაიცვან თავი, ვის უნდა მიმართონ?
– სამწუხაროდ საქართველოში, მე რამდენადაც მომეპოვება ინფორმაცია, ბავშვის დაცვის თვალსაზრისით, ან ცხელიხაზი, ან განათლების სამინისტროს რომ ჰქონდეს რამე პროგრამა, ასეთი არ არსებობს. არის რაღაც ფრაგმენტული პროგრამები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ – ინტერნეტ უსაფრთხოებაზე, თუმცა კონკრეტულად ამ თამაშისგან როგორ უნა დავიცვათ თავი, მსგავს რამეს ვერსად წავაწყდი.
– რა ნიშნებით უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი ჩართულია თამაშში? თქვენ ელენეს ტრაგედიამდე ამჩნევდით რამეს?
– გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებში ხასიათის ცვლილება ხშირია და მშობელი შესაძლოა ვერც მიხვდეს, რით არის გამოწვეული ეს ცვლილება. მე პირადად ვერაფერი შევნიშნე ელენეს გარდა იმისა, რომ ოდნავ საკუთარ თავში ჩაიკეტა. ჩვენ თვითდაზიანებები არ გვინახავს იმიტომ, რომ დახურული ტანსაცმელი ეცვა. ამ ყველაფერს ელენეს მეგობრებთან საუბრის შემდეგ მივხვდით. უკვე ინტრნეტშიც უხვად იძებნება ის ნიშნები, რაც “ლურჯი ვეშაპისთვის” არის დამახასაიათებელი. ეს არის: ჩაკეტილობა, თვითდაზიანება, ძილის დარღვევა (გამთენიისას ბავშვებს ეკითხებიან პირად რაღაცებს და მერე ამით ხდება მათი დაშანტაჟება. მათი მიზანია ბავშვს შეუქმნან დაუცველობის შეგრძნება).
– თქვენი ინფორმაციით, რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი?
როცა მე ვსაუბრობ სტატისტიკაზე, ეს ჩემთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მოუწოდებია. 2017 წელს მომხდარ 32 შემთხვევაზე მაქვს ინფორმაცია, რომელიც სანდო წყარომ მომაწოდა და მას ვერ დავასახელებ. ამბობენ, რომ 2016 წლიდან დღემდე საქართველოში 200-მდე ფაქტი დაფიქსირდა. ზოგი ფაქტი არც არის გახმაურებული. მე ვიცი პაპუაშვილების ამბავი. ელენემ ეს გააკეთა 29 აგვისტოს, დაახლოებით ერთ კვირაში გადმოხტა ის ბავშვიც, რომლის მამაც კონტაქტურია, თუმცა არიან მშობლები, რომლებიც კონტაქზე არ გამოდიან. კიდევ არის ერთი ფაქტი ცნობილი, დაახლობით ორი თვის წინ 17 წლის ბიჭი გადმოხტა მერვე სართულიდან და საბედნიეროდ, გადარჩა.
– აქტიურად ხართ ჩართული პროცესში, თუ მოგმართავენ მშობლები, რომლებიც ეჭვობენ, რომ მათი შვილი თამაშობს?
– თვითონ თამაშზე დარეგისტრირება არ ხდება აპრობირებული მეთოდით. როგორც წესი, ბავშვები ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე “ჰეშთეგის” მეშვეობით უთითებენ “ლურჯ ვეშაპს”, შემდეგ უკვე ადმინისტრატორი იწვევს ონლაინ, სადაც არეგისტრირებენ მერე ბავშვებს. მირეკავს ძალიან ბევრი მშობელი, რომელიც ამჩნევს ბავშვს ნიშნებს, თუმცა ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მშობლების ნაწილს მაინც არ სჯერა, რომ თვიდაზიანებები, რომელიც აქვს ბავშვს, არის “ლურჯი ვეშაპის” გამო. ბავშვს რომ ამოტვიფრული აქვს რაღაც, ჩაკეტილია და მოწყვეტილი სამყაროს, მშობელს რატომღაც ურჩევნია ივარაუდოს, რომ “ლურჯი ვეშაპი” არაფერ შუაშია.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ ფსონების დადება ხდება მსხვერპლ ბავშვებზე…
– ეს ინფორმაცია მაქვს მოძიებული, ძალიან ბევრი მკვლევარი მუშაობს ამ თემაზე, რუსეთში ვრცელდება ამის შესახებ ცნობები, უფრო მეტიც, სკოლებში ამ საკითხზე სემინარებიც ტარდება. ყველაზე მეტად მიზეზი იმისა, თუ რატომ ჰგონიათ “ლურჯი ვეშაპი” სისულელე, სწორედ ის არის, რომ ვერ ხვდებიან, რა სარგებელი შეიძლება მოჰყვეს ბავშვების ხოცვას. ბოლოს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვებზე იდება ფსონები, რაც თავიდან არ ყოფილა ამ თამაშის მიზანი… თავიდან კონტაქტობდნენ რუსი მენტორები, და მშობლები თავს იმშვიდებდნენ, ჩემმა შვილმა თუ არ იცის რუსული, ვერაფერს დააკლებენ. თუმცა მაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმ ბავშვებისგან და მშობლებისგან, ვისაც შეეხო ეს პრობლემა, რომ ქართველი მენტორები კონტაქტობდნენ… მე არ ვიცი, ელენესთან როგორ მოხდა დაკონტაქტება, მაგრამ როგორც ჩანს, ელენეს ჰქონდა ალტერნატიული ფეისბუქები, როგორც მითხრეს მისმა მგობრებმა. ჩემი შვილი ახსენებდა ამ თამაშს და ამბობდა, რომ არასოდეს არ ვითამაშებო და თუკი ვითამაშებ, ისინი ვერაფერს დამაკლებენო. მე ვესაუბრებოდი მას ამ თამაშის შესახებ და მის მავნე ზეგავლებზე ჩემს შვილს ჰქონდა ინფორმაცია.
– რა არის თქვენი მთავარი მესიჯი საზოგადოებისთვის?
– ჩემი თხოვნა იქნება, რომ მშობლები ყურადღებით იყვნენ, თუ შეამჩნევენ ბავშვს თვითდაზიანებას… მეორე მომენტია, რომ ტელეფონი უნდა ჩამოართვან ბავშვს ღამე – ყველაზე მეტად ბავშვებს ურეკავენ შუა ღამისას. უნდა გავითვალისწინოთ ყველაზე მთავარი – ზაფხული მოდის და ბავშვს გაუჩნდება ძალიან ბევრი თავისუფალი დრო და სივრცე, სწორედ ზაფხულში ფიქსირდება ბევრი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა გავაკონტროლოთ ბავშვების ინტერნეტთან წვდომა. ყურადღებით იყავით, თუ ბავშვმა ქცევა შეიცვალა, შეიძლება ეს იყოს გარდატეხის ასაკით გამოწვეული, თუმცა მაინც დაიზღვიეთ თავი და ესაუბრეთ თქვენს შვილს.
www.mshoblebi.ge