ვინ რამდენჯერ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას პატიმართა შეწყალების საკითხზე გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციიდან არასამთავრობო ორგანიზაცია On.ge-მ ოფიციალური დოკუმენტაცია გამოითხოვა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი მოთხოვნით ყველაზე ბევრჯერ ეკა ბესელიამ მიმართა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მიერ მიწერილი 608 წერილი ინდივიდუალური იყო, ერთი კი – ზაზა პაპუაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად. წერილები 2012-2016 წლებშია გაგზავნილი.
ეკა ბესელიამ „კურიერთან“ ინტერვიუში დააზუსტა, რომ გადაგზავნილია არა 600, არამედ 900 წერილი. უკლებლივ ყველა წერილი, რომელიც კომიტეტში შედის, შეწყალების კომისიაში იგზავნება.
„რამდენი წერილიც არის შემოსული ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში წინა პარლამენტში, ახლა იურიდიულ კომიტეტში, ზუსტად იმდენივე გადაგზავნილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ჩემი ინფორმაციით, ეს 900-ზე მეტია, რაც კომიტეტის სახელზე გაიგზავნა,“- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გედევან ფოფხაძემაც გააკეთა.
„მიმაჩნია, რომ მომავალშიც თუ მე მომმართავს ადამიანი და მისი ინტერესი იქნება, რომ ის იყოს შეწყალებული, მე მას გავცე პასუხი, რომ ის ამითი არ უნდა მართავდეს, მაგრამ მაინც გადავაგზავნო შეწყალების კომისიაში,“- აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.