პრეზიდენტის ადამინისტრაცია არჩილ თალაკვაძეს პასუხობს და მის მიერ შეთავაზებულ დებატებზე უარს ამბობს. ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს არის სრულიად არასერიოზული შეთავაზება, რასაც პრეზიდენტი არ დასთანხმდება.
“უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ აბსოლუტურად არასერიოზული შეთავაზება. პრეზიდენტი სატელევიზიო დებატებზე უარს ამბობს. გუშინ პრეზიდენტის გამოსვლას ყველა ტელევიზია აშუქებდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ მას დებატებში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა.
მართლა მაინტერესებს ხოლმე, ამას ერთი ადამიანი ფიქრობს თუ ყველა ერთად ჯდება ხოლმე ასეთ სიბრძნეებს როგორ მოიფიქრებენ,“- აცხადებს აბაშიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს “ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე სატელევიზიო დებატებში იწვევს. მისი თქმით, ის პარლამენტში შეკითხვებს და კრიტიკულ განცხადებებს გაექცა. თალაკვაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში და გამოსვლა მოკლე იყო. ამიტომ თავად პრეზიდენტის სურვილიც უნდა იყოს, რომ მან კითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა, რის შემდეგაც დეპუატეტები სიტყვით გამოვიდნენ. პრეზიდენტმა მათთან დებატებში შესვლის უფლება მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარისგან უარი მიიღო, რის შემდეგაც მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრით, უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტს რეგლამენტი უნდა გაეთვალისწინებინა და იმავე ფორმატში გაგრძელებულიყო სხდომა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა.