გორის, მარნეულის, თელავის, ახალციხის, ვანის, ამბროლაურის, ზუგდიდის, ბორჯომის, ბაღდათისა და თერჯოლის საკრებულოებმა საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს სამუშაო საათებში მობილური ტელეფონის პირადი დანიშნულებისთვის გამოყენება შეუზღუდეს. ბაღის თანამშრომლებს მობილურის გამოყენება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობისას შეუძლიათ. ინფორმაციას “რეგიფნო” ავრცელებს.
დადგენილებაში წერია, რომ პერსონალმა სამუშაო საათებში თავი უნდა შეიკავოს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა, დაწესებულების კუთვნილი ტელეფონი კი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება ომიანობის, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების, სტიქიურ უბედურების ან დიდი ავარიების შემთხვევებში. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, შემდეგ კი 48 საათში მიმართავს პარლამენტს დასამტკიცებლად.